პანდემიამ ANOUKI-ს გაყიდვები 30%-ით შეუმცირა
ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში არაერთი მოდის სახლი გაიხსნა. რამდენად მოთხოვნადია ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და წლის განმავლობაში რა რაოდენობით იზრდება მათ პროდუქციაზე მოთხოვნა თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“ მოდის სახლი ANOUKI-ს დირექტორი ნინა ჭაბუკიანი საუბრობს.
მისი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 30%-იანი კლებაა, რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამ შემთხვევაში შემცირება დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს.
„ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ახლა ერთი მაღაზიით (სითი მოლში) ვართ წარმოდგენილი, რადგან თარხნიშვილის ქუჩაზე არსებულ მაღაზიაში რემონტია. ამ სფეროში ეს სეზონი კარგი გაყიდვებით გამოირჩევა ხოლმე, რასაც ვერ ვიტყვით მიმდინარე სეზონზე, რადგან მსოფლიოს მასშტაბით პანდემია ხალხის მსყიდველუნარიანობაზეც უარყოფითად აისახა.
რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ამ შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობაა., თუმცა შედარებით გართულდა კომუნიკაცია, რადგან ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია გადასული. უფრო გართულდა ტანსაცმლის შერჩევა, რადგან მოდელს ხელით ვერ ეხებიან და ტანზე ვერ ირგებენ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ისე მივაწოდოთ მასალა ჩვენს "ბაიერებს" მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რომ არ ჰქონდეთ დაუსრულებლობის შეგრძნება. ვცდილობთ ვიდეოც იყოს მაქსიმალურად დეტალიურად გადაღებული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული,“ - აცხადებს ჭაბუკიანი.
ANOUKI აერთიანებს ორ სხვადასხვა ხაზს - პირველი, პრემიუმ ხაზი ANOUKI და მეორე ხაზი MISS ANOUKI, რომელიც შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა და სპეციალურად ქართული ბაზრისთვის შეიქმნა, თუმცა, დაბალი ფასი არ მოქმედებს ხარისხზე და ეს სამოსი ატელიეში, ყველა სტანდარტის გათვალისწინებით იკერება.
კითხვაზე, ხომ არ გადაინაცვლა მყიდველმა პრემიუმ ხაზიდან შედარებით დაბალ ფასიან სეგმენტზე, ჭაბუკიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება.
„პრემიუმ ხაზი ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად იყო ისედაც ორიენტირებული. რაც შეეხება მეორე ხაზს, ვცდილობთ იგივე ფასები შევინარჩუნოთ, რაც გვქონდა პანდემიამდე და რაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. პერიოდულად ვცდილობთ სხვადასხვა აქციით და ფასდაკლებებით ხელი შევუწყოთ გაყიდვებს,“ - აცხადებს ჭაბუკიანი.
მოდის სახლი ANOUKI-ს დირექტორი პანდემიის დადებით შედეგებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ მარტ-აპრილის პერიოდში ამოქმედდა კომპანიის ონლაინ პლატფორმა, რაც დღემდე საკმაოდ წარმატებულად მუშაობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.
მისი ინფორმაციით, კომპანიას რომ არა პანდემია დიდი გეგმები ჰქონდა, მათ შორის იყო თარხნიშვილის მაღაზიის განახლებული კოლექციით გახსნა. რაც შეეხება გეგმებს პარიზში და მილანში, ANOUKI წარმოდგენილი ყოფილიყო შოუ-რუმზე, დროებით გადაიდო.
ამ ეტაპზე ANOUKI-ს პროდუქცია საბითუმო დისტრიბუციით იყიდება 35-მდე საერთაშორისო მაღაზიაში, ხოლო საქართველოში, თბილისში ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი.