პაატა კოკაია: ვფიქრობ, სამშენებლო სექტორიდან კადრის გადინება მეზობელ თურქეთშიც მოხდება
კომპანიების ნაწილი სამშენებლო სექტორში მასალების ფასის ზრდას და მუშახელის საზღვარგარეთ გადინებას ელოდება. მთავარი მიზეზი თურქეთში მომხდარი მიწისძვრაა.
როგორც გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა, დაზარალებული ქვეყანა მალე დაიწყებს მშენებლობის პროცესს, რაც საქართველოდან კადრების გადინებას გამოიწვევს.
„თურქეთი არ არის დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. აუცილებლად დაიწყება მშენებლობა და შესაბამისად, გაძვირდება მასალები. ვფიქრობ, კადრების გადინება კიდევ უფრო მეტად მოხდება. თურქეთი აქვეა და მარტივად გადადიან ჩვენი მოქალაქეები. იქ სამუშაო უზარმაზარი იქნება. უზარმაზარი ქვეყანა უზარმაზარ მშენებლობას რომ დაიწყებს, ჩვენთან მასალებიც გაძვირდება და მუშახელის დეფიციტი კიდევ უფრო მწვავე იქნება.
ერთადერთი დადებითი რაც არის, ჩინეთიდან კონტეინერების გადაზიდვები გაიაფდა და შესაბამისად, რაღაც მასალების ღირებულება, შესაძლოა, შემცირდეს. თურქეთი ძალიან ახლოს არის და ვფიქრობ, ბევრ მუშახელს გაიზიდავს აქედან. ისედაც დეფიციტის ფონზე კიდევ უფრო დიდი დეფიციტი გვექნება. თუ წყვეტა გვიჩნდება და ვერ დაასაქმე რაღაც პერიოდი, რომ მოიხედავ, ის უკვე საზღვარგარეთ არის წასული“,- განაცხადა პაატა კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა აქვე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე უძრავი ქონების ფასი 10-15%-ით კიდევ გაიზრდება.