პაატა კოკაია: სამშენებლო სექტორში ხელფასები არ შემცირებულა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების ძირითადი განმაპირობებელი მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5%-იანი კლება იყო.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის, პაატა კოკაიას განცხადებით, სამშენებლო სექტორში ხელფასები არ შემცირებულა. კოკაია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ახალ წელს და იანვარში დასვენების დღეებს უკავშირებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ბიზნეს გადაცემაში ისაუბრა.
„არ უნდა გავაჩინოთ ყალბი მოლოდინები, რომ საქართველოში ხელფასები შემცირდა. არანაირად არ შემცირებულა ხელფასი. სამშენებლო სექტორში დასაქმებულს ხელფასს თვიურად არ უხდიან. ის იღებს კვადრატულ მეტრზე. ნახევარი იანვარი დასვენება იყო. ჩვენ 9-მდე ვერცერთი ობიექტი ვერ გავხსენით. ამ პერიოდში მუშა არ მუშაობს და შესაბამისად, მან ნაკლები კვადრატულის სამუშაო შეასრულა. თუ დეკემბერში გააკეთა 1 000 კვადრატი, იანვარში მოუწია 750 კვადრატულის გაკეთება და შესაბამისად, ნაკლები ანაზღაურება მიიღო იმიტომ, რომ ისვენებდა. არ უნდა გავაჩინოთ ცრუ მოლოდინები და ისედაც ეს გაქცეული ხალხი კიდევ უფრო არ გავაქციოთ“,- განაცხადა კოკაიამ.