ბიზნესი
03/08/2023

"ოცნება მაქვს, ჰალსტუხი მოვიხსნა, პიჯაკი გავიხადო და მაისურით მოსიარულე სტარტაპერი გავხდე"

გადაცემა „ბიზნესპარტნიორმა“ ახალი რუბრიკა „დილიდან საქმეში“ დაიწყო.

გადაცემის სტუმრები იქნებიან როგორც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესმენები, ისე სტარტაპერები, რომელთა სამუშაო სივრცესაც მაყურებელი უფრო ახლოს გაეცნობა. დავით ბაღაშვილის რუბრიკაში საუბარი იქნება კონკრეტულ სფეროში დასაქმებული ადამიანების გამოწვევებსა და წარუმატებლობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ იწყება მათი დილა.

საპილოტე რუბრიკის პირველი სტუმარი "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილია. 

  • როგორია ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საქმიანი დღე, როდის და როგორ  იწყება?

დილით, ყავა თითქმის რიტუალია. თუმცა, ჩემი საქმიანი დილა რა თქმა უნდა, წინა დღის საღამოს, დაგეგმვით იწყება. ეს არ არის რთული პროცესი, თუმცა  მნიშვნელოვანია, რომ ყველა შენი რესურსი მაქსიმალურად ფოკუსირებული გქონდეს. თუ დაგეგმილი არ გაქვს დღე,  წარმატებულად  ვერ დაიწყებ, რადგანაც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე მილევადი რესურსი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ.

როგორც წესი, ოფისში მივდივარ, სადაც საუკეთესო გარემო უნდა შეიქმნა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. თუმცა, დღევანდელი დღის მსგავსად, არის კონკრეტული დღეები, რომელიც რაღაც ღონისძიებით იწყება, რაშიც მონაწილეობის მიღება გვიწევს. ანუ იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელებთანაც მუდმივი ინტერაქცია ხდება, რათა კონკრეტულად ბიზნესში მიზნები განხორციელებული იყოს.

  • დროის მართვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო საკითხი ახსენეთ. არ ვიცი, ქართველებს რამდენად გვაქვს  ეს კულტურაში გამომუშავებული, რომ წინა დღეს დავიწყოთ პროცესების დაგეგმვა.

დაგეგმვა და გეგმის შედგენა საქმეში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.  რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გასათვალისწინებელი კომპონენტია, რადგან  ადამიანებთან გვაქვს საქმე და არა მანქანებთან. შესაბამისად, გეგმის თვალსაზრისით, ჰოლისტიკური მიდგომა მნიშვნელოვანია.აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ ფოკუსირება გავაკეთოთ და პრიორიტეტები განვსაზღვროთ.

ჩემს შვილებსაც ამას ვეუბნები, რომ თქვენ თუ მიზანს გეგმას არ მიაყოლებთ, ეს მიზანი დარჩება ოცნებად და შემდეგ ოცნებებში მოგვიწევს ცხოვრება, რაც არ არის კარგი.

  • აღნიშნე, რომ დილას ყავით იწყებ, მადლობა, რომ ლუდი არ თქვი.

 ყავა არის რიტუალი. დილით სახლიდან რომ გავდივარ და ოფისში შევდივარ, პირველი ყავა უნდა გავაკეთოთ, რომ დღე წარმატებულად დაიწყოს და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე.

  • არსებობს ცრურწმენები სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, კარგ დღეს რომ ველოდებით, რაღაც არ უნდა გავაკეთოთ ან პირიქით, რაღაც უნდა გავაკეთოთ. შეიძლება გააზრებულიც არ გვაქვს ჩვენი ქმედება, თუმცა ამის გვჯერა. არის თუ არა რაიმე ასეთი საკითხი თქვენთვის? 

ცრურწმენა, არის საკუთარი თავისთვის უსაფრთხო გარემოსა და კომფორტის შექმნა, რომ რაღაც თავიდან აიცილო.  ბიზნესში ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა, რომ თუ თქვენი გეგმების შესახებ ისაუბრებთ, ის არ გამოვა. ეს არის აბსოლუტურად მცდარი.  ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ თქვენს გეგმებზე წინასწარ თქვით, არამედ იმიტომ, რომ რაღაც დააკელით. შეიძლება მე რაღაც დავაანონსო და ის არ შესრულდეს. მაგალითად, ახლა კონკრეტული თემა მაქვს, რომელზეც ღიად არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ არ ვიცი ბოლომდე შესრულდება თუ არა, რადგან ბევრი გარე ფაქტორია, რომელსაც მე ვერ ვმართავ.

  • მეც 19 წლის ვიყავი, რომ პირველი სტარტაპი დავიწყე. ამის შესახებ არ ვყვებოდი  იმიტომ, რომ იდეა არ მოეპარათ.  19 წლის ადამიანმა შეუძლებელია რეპუტაციაზე იფიქროს. გამოცდილებითა და პროფილით კი, შენი რეპუტაცია  საკმაოდ ძვირია.

იდეა ღირს იმდენი, რამდენიც ის ფურცელი, რომელზეც ეს იდეა წერია. არც Facebook, Amazon ან Instagram  არ იყო ახალი იდეა. ახალი, განხორციელება იყო,  რაც ნიშნავს იმას, რომ ნუ გეშინიათ ახალი იდეის გაზიარების, ძალიან მნიშვნელოვანია ის გუნდი, რომელიც ამ იდეას შეასრულებს.

აბსოლუტურად სხვა სფერო და სხვა წყლებია, როდესაც თქვენ  სტარტაპერობას იწყებთ. თქვენ მომართული ხართ იმისათვის, რომ შექმნათ ახალი და ამ ახლის შექმნა არის თქვენი შინაგანი მოთხოვნილება, იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ დაინახეთ ბაზარზე ახალი შესაძლებლობა. ყველა სტარტაპს უნდა, რომ გახდეს გლობალური და ეს მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწორად აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობას, რაც ბაზარზეა, იმ გუნდს, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია და იმ რესურსს, რომელიც არის ყველგან და რასაც ხანდახან ვერ ვაცნობიერებთ.

სტარტაპერობა არ ნიშნავს მხოლოდ იდეის აღმოჩენას. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ ცოდნა, კომუნიკაციის უნარი, ადამიანებს უნდა მართავდეთ და თქვენ ვიღაც უნდა გამოგყვეთ. წარუმატებლობა, ესეც თქვენი ბიზნეს საქმიანობის ყოველდღიურობაა. თუმცა რეპუტაციული საკითხია, როდესაც თქვენ პირობას არ ასრულებთ, რაღაცას იტყვით და პირობას არ შეასრულებთ, იმიტომ კი არა, რომ არ გამოვიდა, უბრალოდ არ გააკეთებთ და ა.შ.

  • ძალიან ბევრ სტარტაპს ეს პრობლემა უკვე დაუდგა. ბევრი სტარტაპია, რომელმაც ვერ მიაღწია ისეთ შედეგებს, როგორიც უნდოდა. ისინი ფიქრობენ, თუ რას იტყვიან მათზე.

მე შემიძლია მათ ვუთხრა, რომ თავიანთი წარუმატებელი სტარტაპით ისინი ათასჯერ უკეთესები არიან, ვიდრე ის ადამიანები ვინც საერთოდ არაფერი გააკეთა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვენლოვანია მცდელობა. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ საქმის დაწყებიდან პროდუქტიულობამდე არის გამოწვევებით აღსავსე გზა, რომლის გავლაც გვიწევს და მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რამდენად მზად ვართ ფიზიკურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად, რომ ეს გზა გავიაროთ. ნამდვილი სტარტაპერი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ეს გათვიცნობიერებული აქვს.

  • არ გვიხსენები ახალი გამოწვევა, რომელსაც რამდენიმე თვეა შეეჭიდე და ოკეანის იქით, ძალიან სერიოზულ ამბებს აკეთებ.

ერთი ოცნება მაქვს, რომ ჰალსტუხი მოვიხსნა, პიჯაკი გავიხადო და მაისურით მოსიარულე სტარტაპერი გავხდე. ძალიან გამიმართლა, რომ წლების განმავლობაში სანდიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ.

მიზანი გვაქვს, გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ  ერთი წლის ჭრილში შედეგები უკვე უნდა გვქონდეს.

  • საინტერესო ამბავი ახსენეთ, რომ ნიკოლოზი სტარტაპერი გახდეს. ინოვაციური პროდუქტები რატომ არის კარგი?  ძალიან დიდი ცვლილებები მოგიწევს, მაგალითად, სად უნდა იყოს ოჯახი, ვინაიდან ეს ადამიანები ქმნიან იმ განწყობებს, მოტივაციებსა და ენერგიებს, რითიც ჩვენ საკუთარი თავისთვის დადებითი ენერგიები უნდა შევიქმნათ.

ეს არის ცხოვრების წესის ცვლილების მცდელობა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, უფრო რთულია, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ იქნებოდა, თუმცა დღეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. წარმატებული ბიზნეს იდეა არის ის, რომ თქვენ ადამიანის, საზოგადოების, ეკონომიკის თუ გარემოს საუკეთესო განვითარების რეცეპტი უნდა მოძებნოთ. თუ ამ მიმართულებით იმუშავებთ, იდეა აუცილებლად გამოვა და თუ ამის მასშტაბირებას გლობალურ ჭრილში  დაინახავთ, ერთადერთი რაც დაგრჩებათ, კარგი გუნდის შეკრება და რესურსის აღმოჩენაა იქ, სადაც არ ელოდებით.

  • რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპში, რომ  გუნდის თითოეული წევრი თავის მოწოდების სიმაღლეზე იყოს?

ჩინელებს ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ, თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვთ, ერთი ადამიანი ზედმეტია.

ჩვენ გუნდში გვჭირდება სხვადასხვა კვალიფიკაცია. გუნდის ყველა მონაწილე უნიკალური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. 30 წლამდე არის ის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ სასწაულები გააკეთოთ, როდესაც თქვენ, თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება შეგიძლიათ და თუ ეს სწორად გამოიყენეთ, დაუმარცხებელი იქნებით.

  • ძალიან ბევრი ვისაუბრეთ შეცდომებზე. კონკრეტულად, ერთი შეცდომა დაგვიტოვე, კონკრეტული სუბიექტების დასახელების გარეშე, რაც მოხდა და  გასავლელი იყო.

ერთ შემთხვევაში, მეც იგივე შეცდომა დავუშვი, როდესაც გუნდი ვერ შევკარი, ისეთი დივერსიფიცირებული, რომელიც საქმეს გააკეთებდა და ეს იყო ტექნიკური მიმართულებით. გადავწყვიტე, რომ აუთსორსზე უნდა გამეკეთებინა რაღაც, რომელიც აუცილებლად შიგნით უნდა ყოფილიყო.

ვერ მოვახერხე, რომ ეს იდეა გუნდის საკუთრება გამეხადა და ის მაინც ჩემს იდეად რჩებოდა, რაც არის ყველაზე დიდი შეცდომა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო ამის გაკეთება, მე რაღაც დავაკელი. მეტსაც გეტყვით, ფინანსურად ძალიან ბევრი გვქონდა დახარჯული, მათ შორის ჩემი და ჩემი მეგობრების, რაც ტვირთად მაწევს, რომელიც აუცილებლად უნდა დავაკომპენსირო.

მეორე საკითხი არის, ინდუსტრია, რომელიც არ ვიცოდი და  აბსოლუტურად გაუთვლელად შევედი, ესეც არის პრობლემატური. თქვენ ის ბიზნესი უნდა იცოდეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ და როდესაც პასიურ ინვესტიციას გადასცემთ, თქვენ მზად უნდა იყოთ, რომ შეიძლება ეს ფული დაკარგოთ.  ეს ორი შემთხვევა მქონდა, რომელიც ერთი იყო „ჰაიტექის“, ხოლო მეორე -  ლოუტექის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა შეწყვიტოთ მცდელობა, არ უნდა დააკლოთ, რადგან თქვენ ამით ძლიერდებით. მე ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ცოტა ძვირი თუმცა ძალიან კარგი. თუ თქვენ სწორად დათვლით რისკს მათემატიკურად, თქვენ წარმატების წინაპირობას შეიძენთ.

Businesspartner