“ოტიას ეზო" საკუთარ მეურნეობაში ლუდის წარმოებას იწყებს
ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" კრაფტ ლუდის წარმოებას იწყებს. „ბიზნესპარტნიორს“ მეურნეობის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა განუცხადა, რომ ლუდის ჩამოსხმა სექტემბრიდან დაიწყება.
მისი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი აცხადებს, სამომავლოდ მეურნეობის გაფართოება და „ოტიას ეზოში" სხვადასხვა სახის სიახლის დანერგვა იგეგმება. საწყის ეტაპზე ეს იქნება ლუდი, რომელიც ჩამოსასხმელი სახით ადგილობრივად, მეურნეობაში მისულ სტუმრებისთვის გაიყიდება, 2021 წლისთვის კი დაგეგმილია პროდუქტის ჩამოსხმა და რამდენიმე სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ შეტანა.
რაც შეეხება იმას, თუ რა სახელით გაიყიდება წყალტუბოში წარმოებული ლუდი, ოტია იოსელიანი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს იქნება ბრენდი „ოტიას ეზო“, თუმცა, სახელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„დღეს ბაზარზე საოჯახი ტიპის ლუდის ნაკლებობაა. მისი წარმოების გადაწყვეტილებაც აქედან წამოვიდა. ლუდში შემავალი ოთხივე მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება. საუბარია, ალაოზე, სვიაზე, წყალზე და საფუარზე“-აცხადებს ოტია იოსელიანი.
მისი ინფორმაციით, ლუდის წარმოება არსებული სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება. „შენობა-ნაგებობები იყო და საწარმოდ გადავაკეთეთ“, - აცხადებს იოსელიანი.
"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.