ოსმან თურანი: ძალიან უნდა მოინდომო თურქეთის ბაზარზე ქართულ პროდუქციას რომ მიაკვლიო
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ძირითადი გამოწვევა ექსპორტ-იმპორტს შორის არსებული დიდი დისბალანსია. ოსმან თურანის განმარტებით, სავაჭრო ბრუნვის 90% თურქეთიდან იმპორტზე მოდის და მხოლოდ 10% უჭირავს საქართველოდან თურქეთში ექსპორტს.
„განსხვავება ექსპორტ-იმპორტს შორის ძალიან დიდია. ზოგადად რომ ვთქვათ 90/10%-ზეა, რაც აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ქართული პროდუქციის თურქეთში ექსპორტის მაჩვენებლების ზრდით. თუმცა, ექსპორტ-იმპორტის დაბალანსებას სჭირდება დიდი წარმოება და შესაბამისი გამოცდილება. აქვე უნდა ითქვას, რომ ის მასშტაბი, ხარისხი და რაოდენობა არ იწარმოება საქართველოში რომ თურქეთის ბაზარზე ექსპორტი გავზარდოთ,“ - აღნიშნა ოსმან თურანმა.
მისივე განმარტებით, პრობლემაა ისიც, რომ ქართული პროდუქციის ცნობადობა თურქულ ბაზარზე ძალიან დაბალია.
„ჩათვალეთ, რომ არ არსებობს ეგეთი ცნება ქართული პროდუქტის, მასიურად ქართულ პროდუქტს ვერ ნახავთ თურქეთში, ასე რომ ბევრი შრომა გვინდა ამ მიმართულებით. თურქული ბაზარი დიდია, მაგრამ მარკეტინგული ხარჯები სჭირდება იმას რომ ქართულ პროდუქტს იცნობდეს იქაური მოსახლეობა. დღეს კი ძალიან უნდა მოინდომო, რომ ქართული პროდუქცია იპოვო თურქეთში, სპეციალურ ადგილებში, ტურისტულ ზონებში შეიძლება იპოვო ქათული ნაწარმი,“ - აღნიშნავს ოსმან თურანი.
რაც შეეხება დიაგონალური კუმულაციის საკითხს, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ამოქმედება, ერთგვარი სტიმული იქნება სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის.
„თურქეთსა და საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას რამდენიმე სექტორი ელოდება, მაგალითად, ტექსტილი. იმედია, ესეც დადებით გავლენას მოახდენს ექსპორტზე. პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, რომ თურქული ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით,“ - განაცხადა ოსმან თურანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას ითქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შესაძლოა 3 მლრდამდე გაიზარდოს, რაც 2020 წლის მაჩვენებლის გაორმაგებას ნიშნავს.
საქსტატის 2021 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 594,934 მლნ დოლარია, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია. სააანგარიშო პერიოდში თურქეთში საქართველოდან ექსპორტზე 104,5 მლნ დოლარის პროდუქციაა გასული, თურქეთიდან იმპორტის მოცულობა კი 490,5 მლნ დოლარს აღწევს.