ბიზნესი
31/01/2023

ოპერაციების სახარჯი მასალების ტარიფი არ გაიზრდება - ილია ღუდუშაური

ოპერაციების სახარჯი მასალების კუთხით ტარიფიკაციის გადახედვა არ იგეგმება, იმ ექიმებსა და კლინიკებს კი, რომლებიც ამ მიმართულებით პრეტენზიებს გამოთქვამენ, შესაძლოა ჰქონდეთ პირადი ინტერესი, რომ კონკრეტული სახარჯი მასალები გამოიყენონ.

ამის შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

„იყო საკითხები, მაგალითად ტრავმატოლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით, სადაც სახარჯი მასალების რაოდენობა ოპერაციის ნაწილში მნიშვნელოვანი კომპონენტია. არის საკითხები, სადაც ექიმების და კლინიკების მხრიდანაც ჩვენთან პრეტენზიები ფიქსირდება. ამ მიმართულებით ჩავატარეთ კვლევა, შევხვდით შემომტან კომპანიებსაც და შევხვდით ზოგიერთ კლინიკასაც. ამ ეტაპზე დაწესებული ტარიფები სავსებით შეესაბამება იმ სახარჯ მასალებს, რომლებიც  გამოიყენება ოპერაციების დროს და რომლებიც აქამდეც გამოიყენებოდა და მომავალშიც გამოიყენება. სახარჯი მასალების ნაწილში, რომლებიც ქვეყანაშია და რომელთა რეესტრი არსებობს, არაფერი შეცვლილა, იგივე სახარჯი მასალები გამოიყენება და ეს სახარჯი მასალები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის კარგი ხარისხის. თუმცა არსებობს კარგი სახარჯი მასალა, პრემიუმ სახარჯი მასალა და პრემიუმზე კიდევ უკეთესი ხარისხის. ზოგიერთ ექიმს და კლინიკას პაციენტები უბრალოდ შეცდომაში შეჰყავს და ეუბნებიან, რომ სახარჯი მასალა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის უხარისხო. ეს ცალსახად არის დარღვევა, არის ტყუილი და ამ ნაწილზე ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე კლინიკების ნაწილში.

ვფიქრობ, იმ ექიმებს და იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ, სავარაუდოდ შეიძლება ჰქონდეთ პირადი ინტერესი, რომ კონკრეტული სახარჯი მასალები გამოიყენონ. შესაბამისად, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ამას დავარეგულირებთ და ეს ნაწილიც მოიხსნება. თუ კლინიკაში პაციენტს ეუბნებიან, რომ საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული სერვისი არის უხარისხო და მოუწოდებენ, რომ ერთჯერადად დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვა, პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენ აუცილებლად გვექნება უმკაცრესი რეაგირება.

ჩვენ ახლა ვამუშავებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ბრძანებაში ცვლილებას, სადაც ჩაიწერება ის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც სახარჯი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ამასთან, მისი თქმით, „დიარჯი“ ტარიფიკაციაში პირველი ცვლილება უკვე შევიდა. კერძოდ, მაღალტექნოლოგიური აბლაციების ნაწილში ტარიფები გადაიხედა და მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე გადაიხედა – თუმცა  შემცირების მიმართულებით – ინსულტის მართვის დამძიმებული კოდი.

როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა, ეს ცვლილებები იმის მაგალითია, რომ სამინისტრო ტარიფებს გამუდმებით აკვირდება.

დიარჯის პრინციპი საერთო ჯამში გულისხმობს იმას, რომ ის არ არის სტატიკურ მდგომარეობაში. დიარჯი ნიშნავს, რომ ტარიფები პერიოდულად აუცილებლად უნდა გადაიხედოს იმ სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში გროვდება,“- აღნიშნა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ დიარჯის ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ექიმების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფით ოპერაციების ჩატარებაზე. ერთერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც ერთერთ პაციენტს „რკინიგზის საავადმყოფოში“ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით ტრავმატოლოგიური ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს. 

კლინიკამ პაციენტს განუცხადა, რომ თუ სურს, ოპერაცია  სასურველმა ექიმმა გაუკეთოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა დატოვოს და 6200 ლარიანი ოპერიაცია მთლიანად თავად დააფინანსოს. ექიმი, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ვაჟა გაფრინდაშვილია. ცნობილი ტრავმატოლოგის თქმით,ამ ოპერაციიის “საყოველთაო ჯანდაცვის” ფარგლებში გაკეთებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ამ სამედიცინო ჩარევის ხარისხიანად ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

jandacva.ge