ონლაინ სერვისების ამოქმედება უძრავი ქონების კომერციულ ნაწილს დააზარალებს - ლაშა პაპაშვილი
პანდემიამ მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებების შესაძლებლობად ქცევის სტრატეგიაზე. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ პანდემია შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, შეცვალონ ბიზნეს-მოდელი და მოერგონ ახალ რეალობას. მისი შეფასებით, სასურველია, ფოკუსირება ონლაინ სერვისების პოპულარობის გაზრდაზე გაკეთდეს და ზოგადადაც, არაერთი ტრადიციული ინდუსტრია - ტრანფორმირდეს.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ბიზნესმენი „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემები სრულიად მსოფლიოს უდგას. შესაბამისად, ეს მიდგმა სწორია, თუმცა, არის სექტორები, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებზე ვერ გადავლენ.
„შეუძლიათ მარკეტები, რესტორნები გადავიდნენ ონლაინ მომსახურებაზე, მაგრამ ასეთ ფორმატს ვერ მოერგება წარმოება, სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები. რა თქმა უნდა, გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვისაა, ასეთ სიტუაციაში მხოლოდ საქართველო არ არის. რა თქმა უნდა, გადაეწყობიან ბიზნესები და მოახერხებენ, რომ ონლაინ მიაწოდონ ის სერვისები, რასაც აქამდე ადგილზე ახორციელებდნენ,“ - აცხადებს პაპაშვილი.
მისივე განცხადებით, ონლაინ სერვისების ამოქმედება რა თქმა უნდა ძალიან დაარტყამს უძრავი ქონების კომერციულ ნაწილს, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის.