ბიზნესი
29/07/2020

ონის ჰესები აქამდე რომ აშენებულიყო, რაჭაში ასეთი სტიქია არ მოხდებოდა - კომპანია ფერი

„ონის ჰესები აქამდე რომ აშენებულიყო რაჭაში ასეთი სტიქია არ მოხდებოდა“, -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ჰიდროექტროსადგურები ყოველთვის  პრევენციაა სტიქიის და წყალდიდობის.

„ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ერთი მხრივ ამბობენ, რომ შეიძლება პროექტმა წყლის დაშრობა გამოიწვიოს, მეორე მხრივ არგუმენტები აქვთ, რომ ასეთი წყალუხვი მდინარეა და ჰესების მშენებლობა არ შეიძლება. თუ წყლის დაშრობას იწვევს, ამ ლოგიკით ეს სტიქია ხომ არ იქნებოდა?

საქართველოში მდინარეების ნაწილს ღვარცოფულობა ახასიათებს. ისტორიაში თუ ყოფილა ისეთი ფაქტი, რომ მაგალითად ენგურზე, მას შემდეგ რაც ჰესი აშენდა, წყალდიდობა ან სტიქია ყოფილიყოს? ან არაგვზე სტიქია, იგივე თბილისში, მტკვარს რამე დაუზიანებია? ეს ნაგებობები ყოველთვის არის პრევენცია სტიქიის და წყალდიდობის. მას შემდეგ, რაც დარიალის ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ და ექსპლუატაციაში შევიდა, თერგს არ დაუზიანებია ქვედა ტერიტორია“, - აცხადებს იორდანიშვილი.

ლაშა იორდანიშვილის ვარაუდით, კომპანია სამშენებლო ნებართვას მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს, რომლის შემდეგაც ონში ჰესების მშენებლობას დაიწყებს. კომპანია „ფერს“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნა უკვე მიღებული აქვს.

„ნებართვა აქამდეც უნდა აგვეღო, თუმცა, სახელმწიფო უწყებებში არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო ამ დრომდე გაჭიანურდა. „ფერი“ მშენებლობისთვის აბსოლუტურად მზად არის“, -აცხადებს იორდანიშვილი.

მისი განცხადებით, კერძო პირებისგან მიწების გამოსწყიდვის პროცესი დასრულებულია.

კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. საწყის ეტაპზე  ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, შემდეგ მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

 

Businesspartner