ბიზნესი
02/12/2021

ოკტოპუსი: არ გვქონია ბევრი შემთხვევა "მწვანე პასპორტის" გამო მომხმარებლისთვის უარი გვეთქვას

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე  პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებას აფასებს და აცხადებს, რომ ერთი დღის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ბიზნესისთვის დადებითი ეფექტი ექნება.

ასათიანის ინფორმაცით, იყო რამდენიმე მომხმარებელი, რომელმაც ფიტნეს-კლუბის სერვისი მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ აღნიშნული სქემა ამოქმედდა.

„გუშინ არ გვქონია ბევრი შემთხვევა, რომ მომხმარებელს უარი ეთქვას სერვისის მიღების გაგრძელებაზე. დაველოდოთ კვირის ბოლომდე რა იქნება.  

ბევრმა მომხმარებელმა წარმოადგინა კოვიდ პასპორტი რომ კომპანიამ თავისი შიდა ბაზა შეადგინოს. მას შემდეგ რაც მომხმარებლის კოვიდ სტატუსს შევამოწმებთ (თუ არის სრულად ვაქცინირებული ან კოვიდ გადატანილი) შემუშავდება ბაზას, სადაც ეს ინფორმაცია იქნება მითითებული და ყოველ ჯერზე კონკრეტული პირის გადამოწმება აღარ იქნება საჭირო.

შედარებით ხარვეზით მუშაობდა აპლიკაცია. შესაბამისად, პატარა შეფერხებები იყო, თუმცა, ვვარაუდობ, მაქსიმუმ 1 კვირაში ყველაფერი დალაგდება,“ - აცხადებს ასათიანი.

შეგახსენებთ, სააკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების  ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.