კოვიდპასპორტი, შეზღუდვები და ჯარიმები - 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე ბარათები" ამოქმედდება
1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტების" სისტემა ამოქმედდება.
კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტზე შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.
კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
ობიექტებს შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. განხორციელდება, როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ინსპექტირება. თუ კომპანია სისტემურად დაარღვევს წესს, შესაძლოა, ობიექტი დაილუქოს.
1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებსა თუ გასართობ ცენტრებში, ასევე სასტუმროებში, სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა და ფიტნეს ცენტრებში, ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.