ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: მზად ვართ "მწვანე ბარათების" დანერგვაში ინვესტირება გავწიოთ
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში „მწვანე ბარათების“ ამოქმედების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მისი თქმით, თუ სურვილი გვაქვს, რომ პანდემიას თავი დავაღწიოთ და მეტ-ნაკლებად მაინც დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ინიციტივა კი, რა თქმა უნდა, მთავრობიდან უნდა იყოს.
„კონტროლისა და მართვისთვის დამატებითი შრომის გაწევა მოგვიწევს, თუმცა, თუ დასავლეთის ქვეყნები ახერხებენ ამ ყველაფერს, ჩვენც უნდა მოვახერხოთ. სადაც კოვიდ რეგულაციების დაცვას ვახერხებთ, “მწვანე ბარათების“ ამოქმედება და მისი კონტროლი არ უნდა იყოს პრობლემა,“ - აცხადებს ასათიანი.
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი აცხადებს, რომ სისტემის დანერგვა, შესაძლოა, გარკვეულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა, ბიზნესი მზად არის ინვესტირების ნაწილშიც მიიღოს მონაწილეობა.
ასათიანის განცხადებით, თუ ქვეყანაში „მწვანე ბარათების“ სისტემა ამოქმედდება, სპორტულ დარბაზებში ნაკადი შემცირდება, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ეს დადებითი ეფექტის მომცემი გახდება.
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტივობა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი.
რაც შეეხება "მწვანე ბარათებს”, მასზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.