“ოკტოპუს-ფიტნეს კლუბი“ მთავრობას სექტორის დღგ-სგან გათავისუფლებას სთხოვს
მსოფლიოს მასშტაბით ფიტნეს ინდუსტრიაში შემოსავლები დრამატულადაა შემცირებული. როგორც „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად განვითარდა, საკმაოდ დიდი ინვესტიციები (10 მილიონ ლარზე მეტი) განახორციელა, თუმცა სასესხო ვალდებულებების გასტუმრება ამ შემოსავლების პირობებში ძალიან რთულია.
„არსებული შემოსავლებით არსებული ხარჯების და ვალდებულებების გასტუმრება წარმოუდგენელია. ერთადერთი გზა, რომ ფუნქციონირება არ გააჩერო არის საკუთარი, პირადი სახსრებიs ბიზნესში ჩადება და საქმიანობის გაგრძელდება. მოგებაზე უკვე რამდენი ხანია არავინ საუბრობს,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.
მისი განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას შემოსავლები დაახლოებით 30%-ით შეუმცირდა, ეს კი ამ ტიპის ინდუსტრიისთვის საკმაოდ მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ ფიტნეს დარბაზების მოგების მარჟა არის ძალიან დაბალი.
გიორგი ასათიანის ინფორმაციით, კარგი იქნება თუ მთავრობა საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებს და ფიტნეს ინდუსტრიას შეღავათებს დაუწესებს. მათ შორის,მნიშვნელოვანია დღგ-სგან გათავისუფლება.
„განვითარებულ ქვეყნებში ფიტნესის მიმართ სხვა მიდგომებია. კოვიდ პერიოდამდეც სექტორი გათავისუფლებული იყო დღგ-სგან, პანდემიის შემდეგ კი მათ დამატებითი შეღავათები დაუწესდათ, მათ შორის კომუნალური გადასახადების მიმართულებით. რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ფიტნეს ცენტრებს მხოლოდ სასესხო ვალდებულებები გადაუვადდათ. სხვა ტიპის შეღავათები არ ყოფილა,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.
ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“ 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness - ის და Tecnogym - ის ტრენაჟორებით. კლუბი აგრეთვე გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.