ბიზნესი
10/06/2021

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ქართულ ბიზნესში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყანაში  ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით გარკვეული წესების შემუშავების აუცილებლობაზე აცხადებს.

ორგანიზაციამ ახალი კვლევა მოამზადა - „ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“, რეკომენდაციებში კი, მიუთითა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

„ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

აღსანიშნავია, რომ 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

„კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს“, - ნათქვამია კვლევაში.

მათივე მონაცემებით, 2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

„ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ“, - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

 

Businesspartner