OECD-ი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკას საუკეთესოდ ასახელებს
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – „SME Policy Index – 2020“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომით და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით დიდი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა მცირე და საშუალო მეწარმეობის ოპერაციული გარემოს გაუმჯობესების, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების, სამეწარმეო სწავლების და უნარების განვითარების და ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით.
„SME Policy Index 2020“ რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას. კვლევა მიზანია შეაფასოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA – Small Business Act) 10 პრინციპის მიხედვით განსაზღვრული კომპონენტებთან.
საგულისხმოა, რომ OECD-ის მიერ, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი („Monitoring Review“). აღნიშნული „Monitoring Review“ OECD-იმ წარადგინა 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week), რომელზეც დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით. სტრატეგია სრულად ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტს „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First), ასევე მასში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის კუთხით.