ბიზნესი
23/12/2020

ობიექტები, რომლებიც ვერ ფუნქციონირებს, დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაიხდიან

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები საკვებს ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია.

„რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, გარკვეული შეღავათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებსაც შეეხებათ.

„თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე, გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც 8 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწებზე ახორციელებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.