ნოზაძის მეფრინველეობა: თუ რუსეთი მარცვლელის ბაზარს დაკეტავს,ჩვენთან დარგი გაჩერდება
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში მარცვლეულის პრობლემა შექმნა, რაც მეფრინველეობის დარგის გამართულად მუშაობასთან არის დაკავშირებული.
ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში ფრინველისთვის საჭირო მარცვლეული რუსეთიდან (სიმინდი) და უკრაინიდან (ხორბალი) შემოდიოდა. შექმნილ სიტუაციაში ექსპორტი ვეღარ ხორციელდება, ვითარება კი რთულია.
როგორც ნოზაძე აცხადებს, კომპანიას სიმინდის მაქსიმუმ 1 თვის მარაგი აქვს. „კანონი გვაიძულებს, რუსული სიმინდის ყიდვას, რადგან ადგილობრივის ყიდვის შემთხვევაში დღგ-ს გადახდა გვიწევს, რუსულის შემთხვევაში - არა. გარდა ამისა, ომის პარარელურად რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა, შესაძლებელია მხოლოდ დაღერღილი მარცლეულის შემოტანა, რაც მარაგების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. ალბათ ამაზეც გარკვეულ კანონს მიიღებენ და ქვეყანა, საერთოდ მარცვლეულის გარეშე დარჩება,“ - აცხადებს ნოზაძე.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოება მცირეა და ისიც ექსპორტზე გადის. მაგალითად, ლაგოდეხში მოწეული სიმინდი სრულად ირანში გაიყიდა.
„იმის მაგივრად, რომ შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას საზღვრები ჩაეკეტა, ადგილობრივი წარმოება არ გასულიყო ექსპორტზე და ჩვენ გვესარგებლა, სრულად ირანმა გაიტანა. ჩაკეტონ საზღვარი, ქვეყანა კრიზისის წინაშეა. ჩვენ რომ იძულებულები გავხდებოდით, ხომ ვიყიდით ქართულ მარცვლეულს, მაგრამ ამის საშუალებაც არ მოგვცეს. ამის შემდეგ რა მოხდება არავინ არ იცის, რუსეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი, თუ ღერღილსაც აღარ მოგვცემს, იძულებულები ვიქნებით გავწყვიტოთ ქათამი“ - აცხადებს ნოზაძე.
მისი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან სიმინდის შემოტანა მაღალი ფასის გამო არარეალურია, რადგან ეს იმდენად გაზრდის თვითღირებულებას, რომ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკურად ვერ გაიყიდება.
„ხორბალი ფრინველის საკვებად მინიმალური რაოდენობით გამოიყენება. საკვების მთლიან რაციონში მარცვლეული შეადგენს 70%-ს, აქედან ხორბლის წილი 10-15%-ია, დანაჩენი -სიმინდია,“-აცხადებს ნოზაძე.