"ნიმას" ჯარისკაცების ხორცით მომარაგება დაუწუნეს - კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდება
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.
მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.
"სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, რის შემდეგადაც, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ წერილით მიემართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით," - ნათქვამია შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს კონტროლს და ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას დარღვევების დროულად გამოვლენა-რეაგირების მიზნით.