ბიზნესი
10/08/2020

ნიკორა ჯგუფმა 2019 წელი ზარალით დაასრულა

„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა გასულ წელს ნახევარ მილიარდს აღემატებოდა მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო.   

2019 წელს წლიური ზარალი 8.2 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წელს არსებული თითქმის 7 მილიონიანი მოგების შემდეგ. მთლიანობაში კომპანიისთვის მიკუთვნებული ზარალი 6.33 მლნ ლარია.

კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა 540.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. გაზრდილია საერთო მოგება 39 მილიონით, 167.4 მლნ ლარამდე, ასევე საოპერაციო მოგება 23.3-დან 28.9 მლნ ლარამდე.

შემოსავალი 29.4%-ით გაიზარდა, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 28.9%-ით, შედეგად, საერთო მოგების მარჟა 0.3%-ული პუნქტით გაუმჯობესდა და 2019 წელს 31% შეადგინა.

„ნიკორა ჯგუფის“ გაყიდვებში (ელიმინაციამდე) შვილობილებს შორის ყველაზე მეტი წვლილი საცალო ვაჭრობის (61%) და ხორცის წარმოების (19%) ბიზნესებს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური და არასაოპერაციო ხარჯები ჯამურად 134.1%-ით, 19.8 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებულია საიჯარო ვალდებულების საპროცენტო ხარჯით (9,821 ათ. ლარით) და სავალუტო სხვაობებით გამოწვეული ზარალით (ჯამურად 8,334 ათ. ლარით ხარჯის ზრდით, მათ შორის საიჯარო ვალდებულების გადაფასებით მიღებული საკურსო სხვაობა 6,228 ლარით ზარალით)

 

Businesspartner