ნიკოლოზ ნაყოფია: "ზარაფხანა" ძლიერი კომპანიაა, გამოწვევების არ გვეშინია
საიუველირო ქარხანა „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ნაყოფია „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ 2020 წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა, კომპანია ძლიერია და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.
„ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით წარმოებისთვის. რამდენიმე ფაქტორი იყო რის გამოც სტრატეგიის შემუშავება მოგვიწია. ყველა ასპექტში გაიზარდა ფასი ოქროზე, ძვირფას ბუნებრივი ქვებზე და ა.შ, ნედლეულის გაძვირებამ კი პროდუქციის ღირებულებაც გაზარდა. შევქმენით სამკაულის ბიუჯეტური კოლექცია, რომელსაც ნაკლები წონა ექნებოდა და მარტივად გაიყიდებოდა. გაყიდვები გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 40%–ით შემცირდა.
გამოწვევების არ გვეშინია, კომპანია ძლიერია და მზად ვართ. მომავალი წლისთვის ვაპირებთ რამდენიმე ახალი დანადგარის შეძენას, რომელიც წარმოებას გაამარტივებს და პროდუქციას გააიაფებს. ჯერ რთულია იმის თქმა რა ოდენობის თანხის ინვესტირება მოგვიწევს ამ მიზნით. საქართველოში პირველად, ოქრომჭედლობაში ახალი ტექნიკის გამოყენებას ვგეგმავთ. გამოვუშვებთ ახალ კოლექციებს მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის. გვინდა ისტორიული თემატიკით შექმნილი ჭადრაკის გამოშვება და ზოგადად, სუვენირების ახალი მოდელების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ვცდილობთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქცია, რაშიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაგვეხმარება,“– აღნიშნა ნიკოლოზ ნაყოფიამ.
“ზარაფხანას“ 2020 წლისთვის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. ნაყოფიას თქმით, კომპანია აპირებდა გაფართოებას და მაღაზიების გახსნას კიევში, 2021 წელს კი ბაქოში, თუმცა, დაბალი რეალიზაციის პირობებში, გაფართოებისთვის საჭირო ხარჯებისთვის და ნედლეულის შეძენისა და მარკეტინგული აქტივობებისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო, რის გამოც გეგმები სიტუაციის დასტაბილურებამდე გადაიწევს.
„ლონდონის 2020 წლის Fashion week-ზე ვიყავით მიწვეული, სადაც „ზარაფხანას“ შოურუმი უნდა მოგვეწყო, სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ლონდონში გაგზავნილი გვაქვს ჩვენ ჭადრაკი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ჩვენი პირველი მიზანია გავიდეთ ევროპაში და შემდეგ უკვე მეზობელ ქვეყნებში, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა საკმაოდ მაღალია. თუ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს რაც გვქონდა გასულ წელს ან გათვლილი გვქონდა 2020 წლისთვის, აუცილებლად განვახორიელებთ ჩვენს გეგმებს.
„ზარაფხანას“ სტრატეგია და პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ შეგვემცირებინა ჩვენი წარმოება და შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები იმის მიუხედვაად რომ მოთხოვნა შემცირებულია, არ გავჩერებულიყავით. თუმცა, თუ პანდემიური სიტუაცია დიდხნას გაგრძელდა, მოგვიწევს როგორც წარმოების, ასევე სამუშაო ადგილების განახევრება,“– ამბობს „ზარაფხანას“ დირექტორი.
ნიკოლოზ ნაყოფიას თქმით, ყველაზე აქტიურად ახლა ორი საფასო კატეგორიის პროდუქცია იყიდება - დაბალი და მაღალი ღირებულების.
„დეკემბერში გაყიდვები როგორც წესი გაორმაგებულია. მოლოდინი არის, რომ ნოემბერთან შედარებით დეკემბერში 2–ჯერ მეტი რეალიზაცია მაინც გვექნება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებულია კორპორატიული შეკვეთებიც.
ეს პრობლემა ჩვენს მომწოდებლებსა და კონტრაქტორებსაც აქვთ. აღნიშნავენ, რომ ბევრი კლიენტი დაკარგეს. მსგავსი სიტუაცია გამოიწვევს ბევრ გამქრალ ბიზნესს,“– აღნიშნავს ნიკოლოზ ნაყოფია.
შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხანაა, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. კომპანიის მიერ ასლისა და რეპლიკის სახით გაცოცხლებულია ანტიკური ხანის უძვრფასესი ნაკეთობები და შექმნილია კოლექციები.