ბიზნესი
18/02/2021

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა

ბიზნესი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობის სწრაფად გადაწყვეტას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე ეკონომიკური რეალობის დადგომას პროგნოზირებენ.

„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

„პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. თუ არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, დავივიწყოთ ყველანაირი ეკონომიკური განვითარება. თუ ამ ტიპის გაურკვევლობა გაგრძელდა, ვთქვათ რამდენიმე კვირა, ეს ერთმნიშვნელოვნად დაანგრევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესსა და საინვესტიციო კლიმატს. თუ საკითხი უფრო სწრაფად გადაწყდა, შესაძლებელია, ზეგავლენა ძალიან ნაკლები იყოს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასხდნენ და შეთანხმდნენ. რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ეს იქნება ვადამდელი არჩევნები, სხვა ნებისმიერი ტიპის შეთანხმება... ჩვენ, ბიზნესს გვჭირდება გაერთიანება, პოლიტიკური სტაბილურობა. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება“,- ამბობს ხუნძაკიშვილი.

მსხვილი ბიზნესი პრემიერ-მინისტრს დაახლოებით ორი კვირის წინ შეხვდა, სადაც გახარიასგან პრობლემების მაქსიმალურად მოგვარების დაპირება მიიღო. დღეს კერძო სექტორი გაურკვევლობაშია, რადგან პრემიერმა დაპირება კი არ შეასრულა, არამედ თანამდებობა საერთოდ დატოვა.  

„გახარიამ ბიზნესთან დაკავშირებული ყველა საკითხი და პრობლემა იცოდა. მისი უშუალო ჩართულობით ბევრი საკითხი გადაწყვეტილა. კერძო და საჯარო დიალოგის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ბოლო შეხვედრა ორი კვირის წინ გვქონდა. მივიღეთ დაპირება, რომ მთლიანად ჩაერთვებოდა ჩვენს საკითხებში. თუმცა, სიურპრიზი იყო, რომ ეს პირობა არა თუ შესრულდა, არამედ პრემიერი საერთოდ აღარ გვყავს. ისღა დაგვრჩენია, ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში და მოლოდინით შევხედოთ ახალ მთავრობას“,- აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ ნატახტარის მწარმოებელი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციული დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.