ბიზნესი
07/09/2020

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ანტიკრიზისული გეგმა ლუდის ინდუსტრიას ნაკლებად შეეხო

საქართველოს მთავრობას ლუდის ინდუსტრიის ძირითადი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია. თუმცა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გარკვეული შეღავათები ბაზარს ნაწილობრივ შეეხო.

„მოთხოვნები, რომელიც მთავრობასთან გვქონდა ლუდის ინდუსტრიას, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეგვეხო. თუმცა ძირითადი პაკეტები რაღაც ფორმით, მათ შორის 1500 ლარიდან 750 დაუბეგრავად რომ იქნებოდა გათვალისწინებული, რაღაც კუთხით, რა თქმა უნდა, შეგვეხო. თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ ეტაპზე იმის მოლოდინში ვართ, რომ ერთი დიდი პოსტპანდემიური პაკეტის ფარგლებში, მათ შორის, ლუდისა და სასმელების წარმოება იქნება გათვალისწინებული“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ „ნატახტარის“ მწარმოებელი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ლუდის ინდუსტრიამ პრემიერს წერილით აპრილში მიმართა.

„ვითხოვეთ შემდეგი საკითხების მოგვარება, ეს არის პირველი - გადავადება გადასახადების გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე არის აქციზის გადასახადის შემცირება და დაყვანა იმ დონეზე, რა დონეზეც იყო გაზრდამდე, 5 წლის წინანდელ მდგომარეობაზე, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გვქონდეს საბრუნავი საშუალება, წარმოება გავაგრძელოთ და დასაქმებულები შევინარჩუნოთ.

სტანდარტულ ლუდზე აქციზის განაკვეთი 60 თეთრიa, გაზრდამდე იყო 40 თეთრი. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაახლოებით 40 თეთრზე დავიდეს ერთ ლიტრ სტანდარტულ ლუდზე გადასახადი. დღეს განაკვეთი ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით ითვლება.

პრაქტიკულად ვითხოვთ ერთ გრადუს ალკოჰოლის შემცველობაზე 12 თეთრიდან 8 თეთრამდე შემცირებას. 4 თეთრის სხვაობა საშუალებას მოგვცემს ის პრობლემები დავაკომპენსიროთ, რაც ფინანსური რესურსის დეფიციტით არის გამოწვეული.

მესამე საკითხია საკრედიტო-საგარანტიო სისტემის ამოქმედება, რაც დაანონსდა და რაც საშუალებას მოგვცემს წვდომა განვახორციელოთ ფინანსებზე არამარტო ჩვენ, არამედ სხვა მცირე და საშუალო კომპანიებმა. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავსვით“,- აცხადებდა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.