ბიზნესი
21/12/2020

Nikolo Brega-მ ბაზარზე ტყავის ხელნაკეთი ფეხსაცმლის ბრენდი STEP BY STEP წარადგინა

STEP BY STEP - ტყავის ხელნაკეთი ფეხსაცმლის ახალი ბრენდია Nikolo Brega-სგან, რომელსაც საზოგადოება, მეტწილად, ქართული ხის სათვალეებით იცნობს.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ბრენდის ახალგაზრდა დამფუძნებელმა, საკუთარი დანაზოგით, ჩანაფიქრის რეალიზაცია შეძლო. სპორტული ფეხსაცმელი 14-დან 55 წლამდე ასაკზე იქნება გათვლილი და ხარისხიანი ფეხსაცმლის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.

საქმიანობაში 5 ადამიანია ჩართული, თუმცა, როგორც ნიკოლოზ ბრეგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მოთხოვნის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობაც გაიზრდება.

„ხელნაკეთი ფეხსაცმლის დამზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მიყვარს ხარისხიანი და ლამაზი ფეხსაცმელი და სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირდა სასურველი მოდელის შერჩევა, ამიტომ, გადავწყვიტე პრობლემა თავად გადამეჭრა და ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ მხრივ კომფორტი შემექმნა. უკვე ვმუშაობთ ბოტასის დიზაინზეც. საწყის ეტაპზე პროდუქციას ონლაინ გავყიდით, რეგულაციების მოხსნისთანავე კი, აბაშიძის 50 ნომერში, შოურუმშიც განვათავსებთ. იმედი მაქვს, ჩემი გემოვნებით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი მომხმარებლის კეთილგანწყობას დაიმსახურებს,“ - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოურ მაღაზიებთანაც და STEP BY STEP საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიყიდება. სათვალეების, ტყავის ჩანთების და ხელნაკეთი ფეხსაცმლის შემდეგ ბრენდის დამფუძნებელი ქართული ბაზრისთვის სხვა არაერთი საჭირო და საინტერესო ნივთის შეთავაზებასაც გეგმავს.

ხელნაკეთი სათვალეების წარმოება Nikolo Brega–მ 2017 წელს დაიწყო, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ნატურალური მასალებით დამზადებული აქსესუარების შეთავაზება.

Businesspartner