ბიზნესი
17/06/2020

ნიკა ნანუაშვილი: განვითარებული ქვეყნის შრომის კოდექსის გადაწერით შრომის პირობები არ გაუმჯობესდება

„შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კამათი არ წყდება. კერძო სექტორი დიმიტრი ცქიტიშვილის შექმნილ კანონპროექტს კვლავ იწუნებს. „საქართველოს ბიზნესასოციაციაში“ დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტი შრომის ბაზარსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნის.

"შრომის კოდექსში ცვლილებები ვერ აგვარებს, ვერასდროს აგვარებდა და ვერც მოაგვარებს ვერც საქართელოში და ვერც სხვა ქვეყანაში იმ პრობლემებს, რომელიც ეკონომიკაშია. ევროპული შრომის კანონმდებლობა ევროპულ ეკონომიკაზე დგას. ნებისმიერ განვითარებული ევროპული ქვეყნის შრომის კოდექსი რომ გადავიწეროთ ნაკლებად განვითარებული, დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში შრომის პირობები გაუმჯობესდება, ან ანაზღაურება გაიზრდება. ეს ასე რომ იყოს დიდი ხნის წინ გადაწერდნენ და ყველა ქვეყანა განვითარებული იქნებოდა“,- აცხადებს „ბიზნესასოციაციის“ იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნიკა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტის დამტკიცება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასაც გამოიწვევს.

„ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება შრომის ბაზარზე. ამ ქვეყანაში სულ 200 მსხვიlი კორპორაციაა. დანარჩენი 200 000 არის წვრილი და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყოველდღიურად, როგორც პანდემიამდე, ასევე განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ძირითადად თვითგადარჩენასა და სამუშაო ადგილებზე ზრუნავენ. ამ ცვლილებებით მათ ვაიძულებთ, რომ გადახედონ თავიდან ბოლომდე თავიანთ საკადრო რესურსს. ნაწილი გაუშვან, ნაწილს გაუნახევრონ ხელფასი, შტატი და სამუშაო დრო, რათა არ მოექცნენ იმ ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ზედა ლიმიტის მოქმედებაში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ბუნებრივია, სამომხმარებლო ფასებზე აისახება“,- აღნიშნა ნანუაშვილმა.

Businesspartner