ბიზნესი
19/03/2020

ნენსკრა ჰიდრო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო” კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად და კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად „ნენსკრა ჰიდრომ“ საქართველოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო რიგი პრევენციული ზომები. კერძოდ, კომპანიამ აკრძალა თანამშრომლების მივლენა რისკ-ჯგუფის ქვეყნებში, გააუქმა შეხვედრები სამუშაო გარემოში, მოუწოდა თანამშრომლებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ, უზრუნველყო სამუშაო გარემოში სისტემატური სადეზინფექციო ღონისძიებების გატარება, აღჭურვა ოფისი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და თანამშრომლებს დამცავი ნიღბები დაურიგა.

ვითარების გაუარესების თავიდან ასარიდებლად „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 19 მარტიდან გადასულიყო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას იმისათვის, რომ დაიცვას ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკისაგან.

„ნენსკრა ჰიდრო“ იმედოვნებს, რომ COVID-19-თან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება და გისურვებთ ჯანრთელობას!