ნათია თურნავა: რესტორნები აქეთ მოგვიწოდებდნენ რეგულაციები და კონტროლი გავამკაცროთო
ეკონომიკის მინისტრმა რესტორნებთან გამართულ შეხვედრაზე სექტორის მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და რეგულაციების დაცვის მზაობა დაინახა. ნათია თურნავას განცხადებით, რესტორატორებმა თავად სთხოვეს არსებული რეგულაციების გამკაცრება.
"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩატარდა. იმდენად ბევრი სფერო გავხსენით, რომ საჭიროა დავაკვირდეთ, როგორ იმოქმედებს ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. თუ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება და პოზიტიური ვითარება შენარჩუნდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე ვიმსჯელოთ. ამისთვის აუცილებელია დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე ეს სფერო. განსაკუთრებული მოთხოვნაა ე.წ სოციალური ღონისძიებების მიმართ. დავინახეთ სრული მზადყოფნა და მაღალი პასუხისმგებლობა. აქეთ მოგვიწოდებდნენ რესტორნები, რომ გავამკაცროთ კიდევ პასუხისმგებლობა და მეტი კონტროლი იყოსო. მეორე მხრივ, ყველას ეჩქარება, რომ ეს ინდუსტრია ამოქმედდეს და ფეხზე დადგეს",- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რესტორატორებსა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას შორის შეხვედრა გაიმართა. ცნობილია, რომ 15 თებერვლიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნების მხოლოდ ღია სივრცეების გახსნაა დაშვებული. მინისტრთან შეხვედრამდე რესტორატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ღია სივრცისთვის რესტორნის გახსნა აზრს კარგავს, ამავდროულად ბიზნესის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გადაწევასაც ითხოვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა რესტორნებისთვის დამატებითი რეგულაციები განიხილება, მათ შორისაა სტუმრების შეზღუდული რაოდენობის მასპინძლობა, ერთ მაგიდასთან 4 ადამიანის დაშვება.