ბიზნესი
14/07/2020

ნათია თურნავა: "აჭარა ტექსტილის" შეკერილ ფორმას ცნობილი სპორტსმენები ატარებენ 

„აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შედეგად ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და ბევრი ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას - განაცხადა ნათია თურნავამ რუსთავში „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმოს მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.

ეკონომიკის მინისტრმა "აჭარა ტექსტილის" გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე აღნიშნა. 

"კომპანიას აქვს სამი მსხვილი საწარმო დასავლეთ საქართველოში, ასაქმებს 3500 ადამიანს და ამ საწარმოთა რიცხვს შეემატება „ქართლი ტექსტილიც,“ სადაც დამატებით 3000 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყების პერიოდში „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა იმ პერიოდში, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

შპს „ქართლი ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობისთვის სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. პროექტში 20 მლნ ლარი ჩაიდება. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.
„აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

Businesspartner