ბიზნესი
23/10/2020

ნამახვანჰესის $800 მლნ-იანი პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. 

ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა ყველა ლოკაცია, სადაც ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი მოსახლეები არიან. პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

პროექტის ხელმძღვანელმა მინისტრს და გუბერნატორს გააცნო სოციალური პროექტები, რომელთაც ინვესტორი კომპანია „ენკა“ მშენებლობის ზონის დასახლებებში ახორციელებს ან გეგმავს. პროექტებში ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობაზეა გაკეთებული. მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის არეალში მყოფ სამ სკოლას გადაეცა კომპიუტერები, შედგა სკოლების საჭიროებების შეფასება და ამჟამად უკვე დაწყებულია ორი სკოლის ტერიტორიაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, საპროექტო კომპანიის სოციალური გუნდის დახმარებით, 50-მდე მცირე მეწარმემ შეიტანა საგრანტო განაცხადი ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა UN FAO, GRETA, „აწარმოე საქართველოში“. გრანტიორ მეწარმეებს კომპანია ENKA მიკროგრანტებს გადასცემს. ასევე იგეგმება აქტივობები ქალთა გაძლიერების მიმართულებით. მათ შორის, ქალი-მეწარმეების მხარდაჭერა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ინვესტორი, 90%-იანი წილის მფლობელი კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.