მუშაობას პანდემიის დასრულების შემდეგ განვაახლებთ - Tsangala's Wine Shop & Bar-ი
Tsangala's Wine Shop & Bar-ი, რომელიც პანდემიიის გამო რამდენიმე თვეა დახურულია, სამომავლო გეგმებზე მუშაობს. როგორც ბარის მფლობელმა ოთო ტაბატაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბარი 2015 წლიდან თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციაზე, ანჩისხატის ეკლესიათან, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს.
ტაბატაძე აცხადებს, რომ ეს არის ღვინის ბარი და მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს და წაიღოს ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, შესაძლებელია მაგიდის შეკვეთა და ადგილზე სასმელის დაგემოვნებაც.
„ჩვენი ბარი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ გვაქვს მაღალხარისხიანი, არაქარხნული წარმოების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინოები საოჯახო ტიპის მარნებიდან. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ისეთი ტიპის ბარი, სადაც აქცენტი ინდუსტრიული წარმოების ღვინოებზე არ კეთდებოდა,“ - აცხადებს ტაბატაძე და აღნიშნავს, რომ Tsangala's Wine Shop & Bar-ში დახურვამდე 300-ზე მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი და კომპანია 70 მარანთან თანამშრომლობდა.
ტაბატაძე აცხადებს, რომ პანდემიამდე ბარის სტუმრების 90%-ს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელები, უკრაინელები, რუსები, გერმანელები. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ადგილობრივ სეგმენტზე მუშაობა წამგებიანი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ მიღებული იქნა ბარის დახურვის გადაწყევტილება.
„გაზაფხულზე, ლოქდაუნის შემდეგ გავხსენი, თუმცა პასიურად ვიმუშავე. გამოვიდა, რომ ბარი პრესტიჟს გამო იყო ღია, ხარჯებსაც ვერ აუდიოდი,“ - აცხადებს ტაბატაძე.
Tsangala's Wine Shop & Bar-ის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც პანდემია დასრულდება, ბარს ისევ გახსნის. „ამის საშუალებას იძლევა ის, რომ კომპანიას ფართი საკუთარ მფლობელობაში აქვს და ქირას არ იხდის,“ - აცხადებს ტაბატაძე.