"მთვრალი კნუტის" "ლიმონჩელო" მალე სუპერმარკეტებში გაიყიდება
ადგილობრივი წარმოების იტალიური სასმელი "ლიმონჩელოს" ქართულ ბაზარზე გამოჩენას მომხმარებელი დადებითად შეხვდა.
სტარტაპი საწყის ეტაპზე ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ახლო წრეში მოწონება დაიმსახურა, მასშტაბების ზრდა გადაწყდა.
„მთვრალი კნუტი“ ამჟამად მოლაპარაკებებს ქსელურ მარკეტებთან აწარმოებს და ახლო მომავალში მომხმარებელი 25%-იანი ალკოჰოლის შემცველობით, კლასიკური იტალიური რეცეპტით და ქართული წარმოებით შექმნილ პროდუქტს დახლებზეც იხილავს.
„23 წელია ტურიზმის სქეტორში ვმუშაობ, ხშირად ვმოგზაურობდი და ძალიან შემიყვარდა იტალია. ყველა იტალიურ ქალაქს და სოფელს, სადაც მე ვიმოგზაურე, თავისი განსაკუთრებული ხიბლი და კულტურა აქვს. სამშობლოში დაბრუნებული, სულ ვცდილობდი მომემზადებინა იტალიური კერძები. ჩამოვიტანე პომიდვრის და სხვადასხვა მწვანილის თესლები. პანდემია ჩემს საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა, პრაქტიკულად უსაქმოდ დავრჩი. ამიტომ დავიწყე სახლში პომიდვრისა და მწვანილების მოყვანა. ვცადე სხვადასხვა იტალიური კერძის მომზადება. ბოლოს მივედი ჩემს საყვარელ ლიმონჩელომდე. რამდენიმე სატესტო ვერსიის შემდეგ, სახლურმა "ლიმონჩელომ" მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი მამუკა კელაურაძე.
მეგობრების ინვესტიციამ დაახლოებით 10 000 ლარი შეადგინა, საწყის ეტაპზე 500 ბოთლი ჩამოისხა, ლოგო, ეტიკეტი და ბრენდის ისტორიაც სპეციალურად შეიქმნა.
"რაც შეეხება სახელს, ინსპირაცია ერთ-ერთი დამფუძნებლის კნუტი იყო, მორიგი დეგუსტაციის დროს ჩვენს გარშემო დასუნსულებდა და ნასვამის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იქვე გადაწყდა დასახელების ქართული ვარიანტი და მარკეტინგული მიმზიდველობისთვის სპეციალური ისტორიაც შევქმენით, რომლითაც სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო გამოხმაურებაც მოვიპოვეთ," - აცხადებს მამუკა კელაურაძე.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მომხმარებლის უკუკავშირი ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, შესაბამისად, გაზრდა, განვითარება და არაერთი სხვა საინტერესო პროდუქტის წარმოება მეგობრების უახლოეს გეგმებში შედის.