ბიზნესი
09/11/2020

"მტევინოს" ღვინოები ინგლისშიც გაიყიდება

პანდემიის პერიოდში წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები - ამერიკის, ჩინეთის და გერმანიის შემდეგ, „მტევინოს“ პრემიუმ სეგმენტის ღვინოები ინგლისშიც გაიყიდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქტიური მოლაპარაკებები მიდის პოლონეთთანაც.

„პროდუქცია გადის ჩინეთში, ამერიკაში, გერმანიაში. ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად იყიდება დაახლოებით 500 000  ბოთლი ღვინო, რომელსაც  პერმანენტულად ვაგზავნით. სულ ახლახანს ამერიკაში 5 000 ბოთლი გაიგზავნა. ახალ წლამდე კი კიდევ ერთი პარტიის გაგზავნაა დაგეგმილი. მოლოდინია, რომ იქნება მზარდი სტატისტიკა.

გერმანიაში ჯერ-ჯერობით ვაგზავნით პრომო აქტივობისთვის, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება და დაზუსტდება რაოდენობა. რაც შეეხება ინგლისს, ვემატებით პლატფორმას, რომელიც ონლაინ მაღაზიას წარმოადგენს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა იმპორტიორთანაც,“ - აცხადებენ კომპანია „მტევინოში“.

კომპანიის ინფორმაციით, ახლად დაფუქნებული კომპანიისთვის კარგი შედეგებია, მით უმეტეს პანდემიის გათვალისწინებით.

„ავითვისეთ როგორც შიდა ბაზარი, ასევე გავდივართ ექსპორტზე, დინამიკა მზარდია. ჩვენი მცირე გამოცდილებიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით, საქართველოს ბაზარზე უფრო ბიუჯეტურ ღვინოზეა მოთხოვნა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „მტევინო“ ამჟამად 11 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელიც სრულად გადის ექსპორტზე. 2020 წლის რთველზე დაემატა ახალი სახეობა - ქვევრში დაყენებული ქისი. წარმოებული ღვინის დაახლოებით 85%  საექსპროტოა, 15% კი  საქართველოს ბაზარზე იყიდება.

როგორც „მტევინოში“ აცხადებენ, კომპანიამ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მის საკუთრებაშია კახეთში, სოფელ ხაშმში 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული  ვენახი, ღვინის საწარმო და 5 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს  ღვინის ტურს, ტერასა-რესტორანს, შეხვედრების ოთახს და ბევრ სხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს.

„ჯერ-ჯერობით ჩვენი მოსავალი არ აგვიღია და კახეთში, ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობთ ყურძენს. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე და გასულ  წელსაც შევძელით შეგვესყიდა ჩვენი თანამემამულეებისგან ყურძენი და დაგვესაქმებინა,“ - აცხადებენ „მტევინოში“.

კითხვაზე, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხომ არ  მოუწია კომპანიას გარკვეული საინვესტივიო გეგმის გადადება, „მტევინოში“ აცხადებენ, რომ რომ არა პანდემია, შედეგი შესაძლოა მეტი ყოფილიყო.

„თუმცა ვფიქრობთ ამ ეტაპზე რაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე შევძელით, ისიც სასიხარულოა. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რეალიზაცია და გეგმები გრძელდება და მომავალ კვირაში „მტევინო“-ს მაღაზიასაც ვხსნით, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სასურველი ღვინო  დააგემოვნოს და შეისყიდოს,“ - აცხადებენ „მტევინოში“.