ბიზნესი
04/03/2021

მთავრობა თბილისის მცირე და საშუალო რესტორნებს ₾5 000-10 000-ით დაეხმარება

მთავრობა თბილისის მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესს ეხმარება. მთავრობამ დაასახელა კონკრეტული თანხაც 5 000-დან 10 000 ლარამდე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ინიციატივას.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე შემუშავებულია კონკრეტული კრიტერიუმები.

"პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.

რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.