მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა დაანონსებული რეფორმირებისთვის ემზადება
მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა დააანონსებული რეფორმირებისთვის ემზადება. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.
ივანე მაჭავარიანის თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგნელები, მათ შორის პარლამენტის წევრები.
„რამდენიმე დღის წინ, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხი მთავრობამ იანვრის ბოლოს დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.
მაშინვე რამდენიმე ასეთი საწარმო დასახელდა, პირველი მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, მოგვიანებით კი საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ფოსტა.