ბიზნესი
08/10/2020

მსოფლიოს ცნობილმა რესტორნებმა სტრატეგია შეცვალეს, ამას ჩვენც უნდა ავყვეთ - გურამ ბაღდოშვილი

პანდემიას ჩემს სარესტორნო ბიზნესზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, რადგან მისი სტრატეგიაა ფერმიდან ჩანგალამდე, - ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის „ჩვენი“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი გასტრონომიული ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ცდილობს სიტუაციას შეეგუოს და გამოსავალი მოძებნოს.

„ვმუშაობ და ვცდილობ შევეგუო ვირუსის გამო გამოწვეულ შეზღუდვებს, რადგან ვიცი, რომ ის არსად წავა. სიფრთხილეს ყოველთვის სერიოზულად უნდა მივუდგეთ და თავი უნდა დავიცვათ. ზოგადად, პანდემიამ ქართულ გასტრონომიულ ბიზნესს შემოსავლები შეუმცირა. რადგან თუ აქამდე ვიღებდით 8 მილიონ ტურისტს, წელს 1 მილიონიც ვერ შემოვიდა. რაღაც კუთხით ეს კარგია, რადგან ბევრმა ქართველმა გაიცნო საქართველო, შიდა ტურიზმმა იმუშავა და თანხები გარეთ არ გავიდა. საკურორტო სეზონზე მივდიოდით ბალიზე, კანარის კუნძულებზე, იბიცაზე, ჰოლანდიაში, ინგლისში, ახლა ეს თანხები საქართველოში დარჩა და დაეხმარა ქვეყანას, თუმცა, ვერ შევადრით იმ თანხებს, რაც ტურისტს საქართველოში შემოჰქონდა,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.

როგორც გურამ ბაღდოშვილი განმარტავს, გასტრონომიულ სფეროში დასაქმებულებმა სტრატეგია უნდა შეცვალონ.

„მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები, მაგალითად ევროპაში Nova Restuarant-ი, რომელსაც მიშლენის სამი ვარსკვლავი აქვს და ნომერ პირველი რესტორანი იყო ევროპაში, დღეს ჰამბურგერებს აკეთებს. მიზეზი ის იყო, რომ რესტორნებში ხალხის მიღება შეიზღუდა takeaway-ზე მუშაობდა.

ჩვენც უნდა მოვერგოთ რაღაცებს. მთავარია სტრატეგია, თუ როგორ გათვლი და როგორ ჩამოაყალიბებ. კი ვიცი, რომ რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში არ იყო განათლებული. დღეს ბევრმა ისწავლა და ცდილობს, რომ იმუშაოს. ვისაც მუშაობა უნდა და არ ეზარება, პატარა ციფრებით შეუძლია შეინახოს თავისი რესტორანი და ამუშაოს. ახლა ბევრად მეტი ყურადღება სჭირდება ვიდრე ადრე, რადგან მაშინ უფრო ინერციით ხდებოდა, დღეს კი უნდა იშრომო იმისთვის, რომ რესტორანი ამუშაო,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.