მსხვილი სააფთიაქო ქსელები: მედიკამენტების მარაგების პრობლემა არ გვაქვს
“ავერსისა” და “პეესპეს” ქსელებში მედიკამენტების მარაგების პრობლემა არ დგას. როგორც “ბიზნესპარტნიორს” “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მედიკამენტებით სააფთიაქო ქსელის შევსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ქსელში კვლავ არ იყიდება პირბადეები და ხელის სადიზინფექციო საშუალებები.
“ქსელი პირბადეებით ჩინეთიდან მარაგდებოდა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, ჩინეთი პროდუქციას ვეღარ გვაწვდის. ვეძებთ ალტერნატიულ გზებს და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ პირბადეების შემოტანას სხვა მომწოდებლებისგან” – აცხადებს “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები გრძელდება სადეზინფექციო ხსნარების შემოტანაზეც და სავარაუდოა, რომ “ავერსის” ქსელში ეს პროდუქტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდება.
მედიკამენტების დეფიციტის პრობლემა არ აქვს არც “პეესპეს” სააფთიაქო ქსელს.
“ბიზნესპარტნიორს” კომპანიაში უთხრეს რომ რამდენიმე თვის მარაგი უკვე არსებობს, გადანაწილებულია ყველა აფთიაქში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კომპანია დამატებით შეკვეთებს განახორციელებს.
“დეფიციტურ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ისევე როგორც სადეზინფექციო ხსნარებისა და გელების შემოტანაზე. ქსელში გვაქვს მცირე რაოდენობა, თუმცა გვინდა, ყველაზე თანაბრად გადავანაწილოთ და შევზღუდოთ გასაყიდი ერთეულების რაოდენობა. რაც შეეხება პირბადეებს, ახლაც შეკვეთილი გვაქვს, თუმცა იმ მიმდინარე ფასში, რა ფასადაც ვუკვეთავთ, გაყიდვა წარმოუდგენელი და არაეთიკური იქნება, ამიტომ ვცდილობთ, ნიღბები პერსონალზე გადავანაწილოთ და უშუალოდ ჩვენი თანამშრომლები იყვნენ მომარაგებული” – განუცხადა “ბიზნესპარტნიორს” “პეესპეს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა.
მისივე ცნობით, კომპანია ამ დროისთვის თავის სააფთიაქო ქსელში, სალაროებთან მინის დამცავ ბარიერებს ამონტაჟებს. ასევე იწყება აფთიაქებში სპეციალური მონიშვნების დატანა მომხმარებელების ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.