ბიზნესი
08/12/2020

“მსხვილ ბიზნესთან არათანაბარ  პირობებში  ვართ“ - ხელნაკეთი ნივთების საწარმო

პანდემიის  შედეგად,  სექტორში არსებულ პრობლემებს,  ქვეყანაში  ამოქმედებული ახალი შეზღუდვებიც დაემატა და მეწარმეები პროდუქციის რეალიზაციას ვეღარსად ახდენენ. მცირე მეწარმეები „ბიზნესპარტნიორთან“  აღნიშნავენ, რომ  სპეციალურად  ახალი  წლისთვის შექმნილი  პროდუქცია, რომლის დასამზადებლადაც  საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გაიღეს,  მომხმარებლამდე ვეღარ მიაქვთ.

ხელნაკეთი ნივთების საწარმო  ,,მარინის“  დამფუძნებელი   ნინო ჩუბინიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს,რომ კომპანია შარფებს და ჩანთებს აწარმოებდა, რამდენიმე თვის წინ კი ახალი წლისთვის სათამაშოების წარმოებაც დაიწყო. მისი ინფორმაციით, ამისთვის ერთ-ერთი ბანკიდან სესხი გამოიტანა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდებს, სესხის დაფარვაზეც პრობლემები ექმნება. 

,,მთავრობა სულ იმას ამბობდა, რომ  ,,ლოქდაუნი“ არ იქნებოდა.  შესაბამისად, იმედი მომეცა და  ბანკის ვალი ავიღე. მოგეხსენებათ,დეკემბერში როგორი  დიდი მოთხოვნაა საახალწლო პროდუქციაზე.ათი  სხვადასხვა სახეობის საახალწლო პროდუქცია დავამზადე, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ  ხარჯებთან იყო დაკავშირებული.როდესაც უკვე რეალიზება უნდა დამეწყო, გავიგე,რომ ვერსად შევძლებდი მათ გაყიდვას.  

დავცალე  საწარმოსთვის დაქირავებული ფართიც, რადგან ქირას ვეღარ ვიხდიდი. ახლა მთელი  ეს პროდუქცია  სახლში  მაქვს.   

მთავრობას  თხოვნით მივმართეთ, რათა ღია სივრცეში  გამოეყო სპეციალური ადგილები, სადაც  პროდუქციის  რეალიზაციას შევძლებდით, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია  პასუხი.  დეკემბერში  თუ ვერ  გავყიდი  საახალწლო  პროდუქციას,  მერე უკვე გადასაყრელი მიხდება. ჩვენს პრობლემებს  ისიც  ემატება, რომ მსხვილ ბიზნესთან არათანაბარ  პირობებში  ვართ და საბანკო სესხებზე საშეღავათო პირობები ჩვენზე  არ ვრცელდება.პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მთლიანად ამოგვეწურა, მაგრამ  ბანკები მცირე მეწარმეებზე დამატებით სესხს არ გასცემენ და ამას ჩვენი საბრუნავი კაპიტალის სიმცირით ხსნიან“   -  ამბობს ნინო ჩუბინიძე.   

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  31 იანვრის ჩათვლით, დაიკეტა სპორტდარბაზები, სავაჭრო მოლები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

Businesspartner