"მშენებლობის ტუნელური (მცოცავი) ყალიბის მეთოდი მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს" - ვიტალი დვალიშვილი
„მშენებლობა ეკონომიკის ის დარგია, რომელიც ინტენსიურად ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროცესში აქტიურად იყენებს. ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენების შედეგად, მომხმარებელი დახვეწილ და მდგრად პროდუქტს იღებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მშენებლობის მცოცავი ყალიბის (ცნობილია, როგორც ტუნელური ყალიბი) სტანდარტი, რომელიც მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს“, - აცხადებს „ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასების ცენტრის“ დირექტორი ვიტალი დვალიშვილი.
საქართველოში მცოცავი ყალიბის მეთოდით მშენებლობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანიის მიერ აშენებული უკლებლივ ყველა კორპუსი, სწორედ აღნიშნული მეთოდით არის ნაგები.
„პირადად გახლდით ამ მშენებლობის პროცესის დამკვირვებელი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ „ ას ჯორჯიას“ მიერ აგებული კომპლექსის კოპრპუსები ნაშენებია ამ საკმაოდ მაღალბიუჯეტური ტექნოლოგიის - მცოცავი ყალიბის მეთოდის გამოყენებით. ამ პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენება იწყება შენობის საძირკვლის ჩაყრით, რომელიც მყარ ბეტონის ფილას წარმოადგენს. ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი მთლიანობაა.
რკინა-ბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას, ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები. ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება. ბუნებრივია, კონსტრუქციის სიმტკიცე არის ძალიან მაღალი“, - ამბობს ვიტალი დვალიშვილი.
„მცოცავი ყალიბის მეთოდის უპირატესობაა ასევე ის ფაქტი, რომ ამ ტექნოლოგიით მუშაობისას, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში ხდება მთლიანი სართულის ჩამოსხმა, შრობა და შემდეგ უკვე, ამავე ყალიბით შემდეგი სართულის დაშენება“, - აზუსტებს დარგის ექსპერტი.
კომპანია „ას ჯორჯიას“ შემდგომი პროექტის - „პარკ ბულვარის“ აგებაც სწორედ ამ მეთოდით ხორციელდება.
მცოცავი ყალიბის მეთოდის უპირატესობა თვალნათლივ წარმოაჩინა ახლახან თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, მიწისძვრისას ნგრევას გადაურჩა და უფრო მეტიც, საცხოვრებლად ვარგისი დარჩა უკლებლივ ყველა ის მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში მცოცავი ყალიბის მეთოდით იყო ნაშენები.
"ბანკები და ფინანსები"