ბიზნესი
30/10/2023

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს"

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცლებს და აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება.

ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც შეიძლება იქნას განთავსებული. ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია.

"მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ ფარგლებში 2017 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ლარზე მეტი შეადგინა, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს.

ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტური განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლების და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის 1 ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს.

დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას. ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner