მოიჯარეებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს - რას ითვალისწინებს ახალი ეკონომიკური პაკეტი
თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა.
კახა კალაძის თქმით, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდა და მერია მათ გარკვეულ შეღავათებს კვლავ შესთავაზებს.
თბილისის მერის თქმით, პირველ რიგში, შეღავათი შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.
„ვინაიდან პანდემიის გამო, შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერი-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი ამ თვეებშიც მოეხსნებათ. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ანუ ჩვენთან თუ არის კონკრეტული შპს ან კონკრეტული ფიზიკური პირი, ვისაც აქვს აღებული ეს ქონება და შემდეგ გადაქირავებული აქვს, ზემოთაღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე“, - განმარტა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი კვების ობიექტებსაც შეეხებათ და მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია.