მინტრანსი: ევროპის სრული გაჩერების პერიოდშიც კი ჩამოგვქონდა ტვირთები საქართველოში
ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „მინტრანსი“, 9 წელია საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს კონკურენტულ ტარიფთან ერთად ხარისხიან მომსახურებას და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.
დავინტერესდით, როგორ ახორციელებს გადაზიდვებს „მინტრანსი“ პანდემიის პირობებში და რა გამოწვევების წინაშე დადგა შექმნილ სიტუაციაში. ამ საკითხებზე მის დირექტოს - ირმა ვარსიმაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ.
- როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
- კომპანია „მინტრანსი“ საერთაშორისო გადაზიდვებს 2012 წლიდან ახორციელებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც ეხება ნებისმიერი სახის ტვირთების ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირებას. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ რას ვაკეთებთ, მარტივად გეტყვით: ნებისმიერი პროდუქცია რომლსაც მოვიხმართ, დაწყებული სამშენებლო სექტორიდან, ყოვლდღიური ჰიგიენური მოხმარების ნივთებით დამთავრებული, ყველაფერი შემოგვავს ან გაგვაქვს საქართველოდან. გვაქვს, ასევე, საბროკერო მომსახურება როგორც თბილისში, ასევე ფოთში და ბათუმში.
გაზაფხულზე, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო, ყველა სფეროში სხვადასხვა პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა. ეს პირდაპირპროპორციულად ასისახა ჩვენზე და, შესაბამისად, შეკვეთებმაც იკლო, რამაც ფინანსური პრობლემების წინაშე დაგვაყენა. კრიზისი ჩვენც შეგვეხო, თუმცა არა იმ სიმძაფრით, როგორც ეს ტურიზმის, სარესტორნო ან სხვა მცირე და საშუალო სექტორს. სატრანსპორტო სფერო სასიცოცხლოდ აუცილებელია და ჩვენი გაჩერება (მხოლოდ საკუთარი კომპანია არ მაქვს მხედველობაში) ქვეყნის სრულ კოლაფსს გამოიწვევს.
რაც შეეხება გამოწვევებთან გამკლავებას, გავხდით მეტად ყურადღებიანი არა მხოლოდ შემკვეთებთან, არამედ უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაშიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კლიენტებს კონკურენტუნარიან ტარიფთან ერთად, კომფორტული სერვისიც შევთავაზოთ. ყოველთვის ვუსმენთ მომხმარებლების სურვილებს და მათ ინტერესებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.
- როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?
- გადაზიდვების სფეროში, მდგომარეობა ახლა მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. დასაწყისში, ყოველ საათში იცვლებოდა ტვირთის გადაადგილების წესები, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იცვლებოდა ქვეყნიდან ქვეყანაში ტვირთის ტრანზიტის პირობები და მოთხოვნები. გახსოვთ ალბათ, იტალიის გარკვეული რეგიონები სრულ იზოლაციაში მოაქციეს და მაგ დროსაც კი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით არ შეგვიწყვეტია მუშაობა. შეუფერხებლათ მოგვქონდა ტვირთები როგორც იტალიის ჩაკეტილი რეგიონებიდან, ასევე ევროპის ყველა ქვეყნიდან. ბევრი კლიენტი იმ დროს სასიამოვნოდ გავაოცეთ.
საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ: იმდენად სწრაფად იცვლებოდა ტვირთების მოძრაობის პროტოკოლები, რომ ვერ ვასწრებდით ინფორმაციის დროულად მიღებას და შემდეგ კლიენტისთვის გადაცემას. შეიცვალა საქართველოში ტვირთების შემოტანის წესებიც. ყველაფერმა ამან ფინანსური პრობლემების წინაშე დაგვაყენა - მიუხედავად ფორსმაჟორული მდგომარეობისა, ყველა ფინანსური დარტყმა საკუთარ თავზე ავიღეთ და კლიენტებთან შეთანხმებული პირობები მაინც არ დავარღვიეთ. დღეს მეტნაკლებად დავსტაბილურდით, ვიცით უკვე სად რა ხდება, კლიენტებსაც სავარაუდო დაბრკოლებების შესახებ წინასწარ ვაყენებთ საქმის კურსში.
- როგორი ვითარება გაქვთ თანამშრომლების დასაქმების კუთხით, შეძელით მათი შენარჩუნება?
- თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მალევე გადავიყვანეთ როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. მათი ჯანმრთელობა შეუცვლელი პრიორიტეტია ჩემთვის. მითუმეტეს, ელექტრონულად ვმუშაობთ როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ასევე კლიენტებთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. ხელფასებს რაც შეეხება, კომპანიაში სტაბილურად ხელფასს დამატებული ბონუსის სისტემაა, მაგრამ პანდემიის პირობებში თანამშრომლებს გავუზარდე მომსახურების % და გამომუშავების მიხედვით დავუნიშნე ხელფასი. ზაფხულში დავუბრუნდით ჩვეულ ფორმულას, თუმცა, ახლა დავაკვირდები კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და მაგის მიხედვით გავაგრძელებთ ანაზღაურების წესებს. საკმაოდ დაგვეხმარა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა საშემოსავლოს გადახდის წესებს. 6 თვე უკვე გავიდა და კარგი იქნებოდა თუ ეს გადაწყვეტილება კიდევ 6 თვე გაგრძელდებოდა.
- როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?
- 9 წელია ჩვენი კომპანია არსებობს და საუკეთესო ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ბევრი ერთგული კლიენტიც შევიძინეთ. მაქსიმალურად ვუფრთხილდებით იმიჯს და ავტორიტეტს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ სანდოობის და ერთგულების მყარი გარანტი, რაც ნამდვილად კარგად გამოგვდის. რეგულარულად ვატარებთ გამოკითხვებს და კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებას ვთავაზობთ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ კონსულტაციებს და გვიხარია, როდესაც ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს და პროცესის დასრულების შემდეგ მადლობას გვიხდიან.
- როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
- ჩვენს სფეროში უამრავი არალიცენზირებული კომპანია გაიხსნა, რომლებიც ოფისის და თანამშრომლების გარეშე, ერთი კომპიუტერის პრინციპით ახორციელებენ გადაზიდვებს. ეს ჩვენს ბიზნესს აზიანებს, სახელს ულახავს! რეგულაციები უნდა შემოვიდეს, უნდა გაკონტროლდეს და ვისაც არ ეყოლება თანამშრომლები, არ ექნება ოფისი მოწესრიგებული ბუღალტეერიით, მათ არ უნდა შეეძლოთ ამ საქმიანობის განხორციელების უფლება.
არ ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ სატრანსპორტო სფეროში რაიმე ძირეული ცვლილებები განხორციელდება. ალბათ მეტად მოქნილები და კლიენტებზე ორიენტირებულები გავხდებით.
- როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?
- მხოლოდ covid-19 არ არის ჩვენი პრობლემა. მსოფლიოში მიმდინარე არასატაბილური პოლიტიკური სიატუაცია პირდაპირ ახდენს გავლენას ტვირთების გადაზიდვაზე (მხედველობაში სახმელეთო გადაზიდვები მაქვს). შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ პულსზე გვიდევს ხელი: საკმარისია ნებისმიერ რეგიონში კონფლიქტის გამწვავება, ეს მაშინვე აისახება ტრანსპორტის გადაადგილების წესებზე.
ამიტომაც, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სამომავლოდ, გრძელვადიანი გეგმების შედგენა გვირთულდება. თუმცა, გვაქვს „პროგრამა მაქსიმუმი“ და „პროგრამა მინიმუმი“. გვჯერა რომ მიმდინარე გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ და ჩვენს ყველასთვის საჭირო, აუცილებელ სფეროს კიდევ უფრო მეტად დავხვეწავთ და განვავითარებთ.