ბიზნესი
23/07/2020

მინისტრს Wizz Air-თან და Ryanair-თან ურთიერთობაში მედიატორები არ სჭირდება

Wizz Air-თან და Ryanair-თან ურთიერთობაში მედიატორი საჭირო არაა, - მიიჩნევს ეკონომიკი მინისტრი. ნათია თურნავა ამბობს, რომ მცდელობა არის, თუმცა საჭიროება არა. 

„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ Wizz Air შემოსულიყო 2016 წელს საქართველოში; 2019 წელს, რომ არსებითად გაეფართოებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო Ryanair. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა.

ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვისაც იქნება კომერციულად მიმზიდველი და ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად.

ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობის არ არსებობს. თუ კი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს, ამიტომ ჩემთვის უხერხულია შეკითხვები რის გამო ხდება ეს. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.