ბიზნესი
17/05/2022

მინისტრი "ბორჯომზე": მიმდინარეობს მოლაპარაკებები აქციონერებსა და საერთაშორისო მარეგულირებელთან

მთავრობა "ბორჯომთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებს აქციონერებთან და საერთაშორისო მარეგულირებელთან აწარმოებს. 

ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგი მიღწეული იქნება, რაც კომპანიას მუშაობის აღდგენის საშუალებას მისცემს.

ლევან დავითაშვილის თქმით, უმთავრესი ამ ეტაპზე კომპანიის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენაა.

„მთავრობა გარკვეული ცვლილებების მიღწევის მიზნით საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს აქციონერებთან რომ კომპანია არ იყოს საერთაშორისო სანქციების საგანი; ამავდროულად, ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებლებთან, ვისი სანქციების ქვეშაც არიან დამფუძნებლები და რის გამოც კომპანიის ფუნქციონირებას აქვს გარკვეული შეფერხებები. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ვიმედოვნებ, უკვე რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, აღადგინოს საქმიანობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

IDS ბორჯომის მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ამის გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა აპრილის ბოლოდან გაჩერებულია.

კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რასაც თანამშრომლების პროტესტიც მოყვა, კომპანიას 49 თანამშრომლის გათავისუფლებაც მოუხდა