ბიზნესი
05/05/2022

"ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

თანამშრომლებისთვის ახალი ხელშეკრულებების შეთავაზების შემდეგ, IDS ბორჯომმა 49 ადამიანი გაათავისუფლა. ეს იმ რეორგანიზაციის შედეგია, რომლის განხორციელებაც კომპანიას სანქცირების გამო მოუხდა.

"ჩვენი კომპანია უდიდესი გამოწვევის წინაშეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით, ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  IDS ბორჯომში დასაქმებულებმა ადმინისტრაციისგან შეთაზებულ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პროტესტი გამართეს. ბორჯომთან დაკავშირებუკლ საკითხს მთავრობაც გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა მუშაობს და საზოგადოებას მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეატყობინებს.

IDS ბორჯომის მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ამის გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია. კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.