ბიზნესი
15/09/2020

მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

„მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება", - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

მიხეილ ხიდურელმა განმარტა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციარებს კი 30 000 ლარამდე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„მიკროგრანტების პროგრამაში წელს აღარ იქნება ლოკაციის შეზღუდვა და მასში მონაწილეობა რეგიონების მსგავსად, თბილისში ბიზნესის განვითარების მსურველსაც შეეძლება. პროგრამით საოჯახო სასტუმრო, ავტო-ტექ მომსახურება, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა მიმართულებები დაფინანსდება. შერჩევა მოხდება საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით. ორი სხვადასხვა ექსპერტი შეაფასებს თითოეულ პროექტს. იქნება მკაცრი მონიტორინგი,“ - განმარტა ხიდურელმა.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ბიზნესის განხორციელებას ვერ შეძლებს და ის თანხას არამიზნობრივად გახარჯავს, დანადგარების უკან დაბრუნება მოუწევს.

„წელს ბევრი პროექტი დაფინანსდება. ბევრს ექნება შანსი რომ მიკროგრანტების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არ რჩება დარგი, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არ აფინანსებს. ჩვენი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდამდე გაიზარდა,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.