ბიზნესი
10/06/2020

მიკროავტობუსების შესასყიდად ტენდერი თავიდან გამოცხადდება

მერია მიკროავტობუსების შესასყიდად განმეორებით ტენდერს გამოაცხადებს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეიძენს, რითაც არსებული ავტო-პარკი სრულად ჩანაცვლდება.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა. ეს ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა, აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო. თუმცა არცერთი პროექტის გაუქმებას არ ვაპირებთ, უბრალოდ დროში გაიწელება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ერთ-ერთი პროექტი რომელიც პანდემიის გამო შევაჩერეთ, სწორედ ეს იყო. მაშინ ჩვენ უკვე გამოცხადებული ტენდერი გავაუქმეთ. თუმცა სატრანსპორტო პოლიტიკა და მიკროავტობუსების ჩანაცვლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ვაპირებთ, რომ უახლოეს დღეებში ტენდერი ისევ გამოვაცხადოთ. ტრანსფერის სახით საჭირო თანხების მობილიზება კი ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება,“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ 13 მარტს ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც უწყებას 29 მილიონ ლარად 300 ლურჯი მიკროავტობუსი უნდა შეეძინა. მოთხოვნების მიხედვით, ერთ მიკროავტობუსს 17 ან მეტი მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლებოდა.