ბიზნესი
15/09/2020

მიხეილ ხიდურელი: Stadler-თან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანია Stadler-თან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.

როგორც მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, არიან კომპანიები და სექტორული ასოციაციები, რომლებთანაც სამუშაოების დასრულება ძალიან მალე მოხდება. „ეკონომიკის დროულად გახსნამ საშუალება მოგვცა ვყოფილიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ინვესტორებთან განახლებული შეთავაზებებით გავიდა. 120-ზე მეტი შეტყობინება გაიგზავნა როგორც პრემიერის ისე მინისტრის სახელით. ამასობაში ჩვენ Stadler-ის გენერალური დირექტორი საქართველოშიც კი გვყავდა. შეიძლება ითქვას, რომ შევძელით, რელოკაციის პროცესში ვყოფილიყავით ერთ-ერთი პირველები,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ეკონომიკის მინისტრი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი შვეიცარიული Stadler-ის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გაიხსნება.

მინისტრმა მაშინ თქვა, რომ Stadler-ი ქართულმა მხარემ დაარწმუნა Stadler-ი, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. "კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით საბოლოო ჯამში “შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler-ი 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

Businesspartner