მიხეილ ხიდურელი: FDI გრანტი, ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
„გაზრდილი კონკურენციის პირობებში, FDI გრანტი ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის,“ - ამბობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.
მიხეილ ხიდურელის თქმით, FDI გრანტი, რომელიც სააგენტოს მრავალთვიანი შრომის შედეგად შემუშავდა, იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღების დამატებითი, მნიშვნელოვანი ელემენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
ინვესტორების ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.
პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.
პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს.