მიხეილ დიასამიძე: ბრენდის წარმატებას, მომხმარებელთან დამყარებული გულწრფელობის ხარისხი განსაზღვრავს
"ბიზნესპარტნიორი" აგრძელებს ყოველკვირეულ რუბრიკას - "ციფრული პარტნიორი", სადაც ციფრული მარკეტინგის სწრაფად მზარდ ბაზართან დაკავშირებით არაერთი აქტუალური საკითხის განხილვა და ანალიზი ხდება.
ბიზნეს საქმიანობის წარმატებით წარმართვის საქმეში კონტენტ მარკეტინგის როლზე "ბიზნესპარტნიორთან" რუბრიკის სტუმარმა, ClipArt-ის ექაუნთ დირექტორმა მიხეილ დიასამიძემ ისაუბრა:
- როგორ ანაწილებენ მარკეტერები პრიორიტეტებს, როცა კონტენტ მარკეტინგს აქვს ძალიან ბევრი საშუალება, რომ მიიზიდოს და დააინტერესოს მომხმარებელი?
იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს დაწერილი, 100%-იანი ფორმულები, თუ როგორ შეგიძლია კონტენტ სტრატეგია აწარმოო, გვიწევს თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად მივუდგეთ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა სურს სამიზნე აუდიტორიას ჩვენგან. თუ არ გვეცოდინება, ბრენდისგან, ადამიანისგან ან კონკრეტული პროდუქტისგან სამიზნე აუდიტორია რას ელოდება, სწორ კონტენტ სტრატეგიას ვერ შევადგენთ. შემდეგ მოდის საკომუნიკაციო ენა, კონკრეტული კონტენტის ტიპების შერჩევა, კონტენტის გასაშვებად პლატფორმების შერჩევა და ა.შ.
- Youtube, TikTok, Facebook, Instagram - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლატფორმები, როდესაც საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება. საქართველო თუ არის ამ გლობალური ტრენდის ნაწილი და თუ გვაქვს განსხვავებები?
საქართველოში გვიყვარს ტრენდების ფეხდაფეხ სიარული, როდესაც საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება. რა თქმა უნდა, არის რაღაც განსხვავებებიც. მაგალითისთვის, კონკრეტულ ქვეყნებში თუ Facebook-ი არ არის ძალიან პოპულარული და აქცენტი სხვა პლატფორმებზეა გადატანილი, საქართველოში ჯერჯერობით ისევ პოპულარულად რჩება. თუმცა, ის ძირითადი, გლობალური და ტრენდული პლატფორმები საქართველოში მაინც პოპულარულია. ძალიან მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ - გაჩნდა სოციალური ქსელი "ქლაბჰაუსი", მსოფლიომ აიტაცა, მომენტალურად საქართველოშიც ძალიან ბევრი მომხმარებელი გაუჩნდა, მაგრამ მსოფლიოში მისმა პოპულარობამ იკლო თუ არა, საქართველოშიც ინტერესი შენელდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც დეტალები არის განსხვავებული, თუმცა ტრენდების ფეხდაფეხ მაინც მიდის საქართველო. თუ დაინტერესება მსოფლიოში იმ მასშტაბისაა, რომ საქართველომდეც მოდის ამ კონკრეტული პლატფორმის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ უკვე მისი პოპულარობის ტენდენცია მზარდია.
- რომელია ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები კონტენტის პრომოციისთვის - რას ვიყენებთ საქართველოში, რა არის ყველაზე შედეგიანი?
როდესაც კონტენტის ორგანულ პრომოციაზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ SEO-ს (საძიებო სისტემების ომპტიმიზაციას), რომელიც არის ორგანული ინგეიჯმენტისთვის, თუმცა ამას სჭირდება ძალიან მასშტაბური და ძალიან დიდ ხნიანი მუშაობა. ასევე გვაქვს უკვე ნაყიდი პრომოცია, ანუ ედვერთაიზინგი, რომელიც სხვადასხვა პლატფორმებზე სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება. ეს არის Google, Youtube, Meta, Instagram, Facebook და ა.შ. თუმცა, მარკეტერებს განსაკუთრებით გვიყვარს SEO იმიტომ, რომ უფრო მყარ, რელევანტურ და შედეგებზე ორიენტირებულ უკუკავშირს ვიღებთ ამ მიმართულებიდან.
- Google Cloud - ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების 82% -ს სურს ბრენდის ღირებულებები საკუთარ ღირებულებებთან იყოს თანხვედრაში. რა ინსტრუმენტები არსებობს ამ ღირებულებების კვლევისთვის და საქართველო თუ მიჰყვება ამ ტრენდს?
ბრენდს თუ უნდა, რომ მისი ღირებულებები თანხვედრაში იყოს მომხმარებლის ღირებულებებთან, აუცილებლად და უპირობოდ უნდა იყოს გულწრფელი. კონტენტის მრავალფეროვნება სწორედ ამ საკითხის მოგვარებაში ეხმარება მარკეტერებს. კონტენტის წარმოების პროცესი თუ სწორადაა დაგეგმილი, ბრენდის ღირებულებები, მისია, ხედვა აუცილებლად მივა კონკრეტული მომხმარებლის გულამდე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბრენდის წარმატებას, მომხმარებელთან დამყარებული გულწრფელობის ხარისხი განსაზღვრავს.
- რამდენად შედეგიანია ამ მიმართულებაზე ორიენტირება?
საზოგადო, ზოგადი ღირებულებების მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან მყარ კავშირს ქმნის და ის მომხმარებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ბრენდთან. მაგალითად IKEA -ს აქვს ღირებულებების მარკეტინგი და ამას ძალიან კარად ახერხებს. არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც 18 წლის ასაკიდან 70 წლამდე IKEA -ს მომხმარებლები არიან.
- როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი კონტენტ მარკტინგში?
ჩემი გადმოსახედიდან, არ ვიცი ხუთი და ათი წლის შემდეგ რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის როლი ცოტა გადაჭარბებულია. მესმის საუბრები, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანს, გაქრება პროფესიები - ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ხელოვნურმა ინტელექტმა რომ სწორად იმუშაოს და შეგიქმნას კონტენტი თუ რაღაც სხვა, მის უკან მაინც ადამიანი უნდა იდგეს, დავალება უნდა გასცეს ადამიანმა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ხელოვნური ინტელექტი გენერირებას. ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს სწორად გამოიყენებენ, მომავალში უფრო დაფასებულები იქნებიან მათზე, ვინც ხელოვნურ ინტელექტს საერთოდ არ გამოიყენებს.