მერიკო გუბელაძე: ჩვენთვის წლის მთავარი გამოწვევა პროდუქციაზე ფასების კოლოსალური ზრდაა
ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ სიტუაცია გასული ორი წლისგან განსხვავებით უკეთესობისკენაა შეცვლილი.
„2017-2019 წლებს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა არც ისეთი აქტივობაა, შემცირებულია საშუალო გადამხდელუნარიანობა, ტურის და ტურისტის ხარისხი - ვგულისმხობ იმას, რომ პანდემიამდე ქვეყანაში ევროპელი, მაღალმხარჯველი ტურისტი შემოდიოდა, ახლა კი ასეთი ტურისტის რაოდენობა მინიმუიმამდეა დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საომარი მოქმედებები არ არის, საქართველო მათთვის მაინც ომის რეგიონად მოიზარება.
სარესტორნო ბიზნესს 2019 წელს ბევრად უფრო კარგი წელი ჰქონდა და ამაში ალბათ ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება,“-აცხადებს გუბელაძე.
რესტორატორი 2022 წელს მისი სარეტორნო ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად პროდუქციაზე ფასების ზრდას ასახელებს. მისივე მტკიცებით, პრობლემას ქმნის პროდუქციის სიმწირეც, ეს ეხება როგორც ადგილობრიც, ისე იმპორტირებულ პროდუქციას.
„ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია თითქმის არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით სეზონურ პროდუქტს. ფასები კი აბსოლუტურად არარეალურია, არ ვიცი რატომ არის ამ ქვეყანაში ცხოვრება ასე გაძვირებული. ფასები ჩვენს პროდუქციაზე გათანაბრებულია ევროპულ ფასებთან, ხშირ შემთხვევაში ძვირიც არის. პარიზში შეგიძლია შეხვდიდე სუპერმარკეტში და 30 ევროდ წამოიღო ბევრად მეტი და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი, ვიდრე ამას თბილისის სუპერმარკეტში შეძლებ,“-აცხადებს გუბელაძე.
როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“,„ლეილას“, „ნინიას ბაღის“ და „კაკლების“ მფლობელია.