"მეგასპორტის" მაღაზია 2023 წელს შესაძლოა ბათუმშიც გაიხსნას
საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ის, Disel-ისა და Scotch & Soda-ს ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქსელის გაფართოების გეგმებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულიდან შესაძლოა „მეგასპორტის“ ბრენდული მაღაზია ბათუმშიც გაიხსნას. ჩხეიძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ჩხეიძე განმარტავს, კომპანია გამოვიდა პანდემიური და პოსტპანდემიური ფინანსური კრიზისიდან.
მისი განცხადებით, აქტივობა საკმაოდ გააქტიურებულია, რეალიზაციის მაჩვენებელი კი პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდა. „დეკემბერში ზუსტად მეცოდინება როგორ დავხურავთ წელს, თუმცა, დიდი ალბათობით მცირე მოგებაზეც გავალთ,“-აცხადებს ჩხეიძე.
კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.